იპოდრომი ბეჭდვა ელფოსტა

გერმანია-საბჭოთა კავშირის ომის შემდეგ საქართველოში დაიწყო ეროვნული საცხენოსნო თამაშების აღდგენა-აღორძინება, კლასიკური სახეობების დანერგვა. ამ მოძრაობის შედეგების დემონსტრირება თბილისში რესპუბლიკურ ასპარეზობაზე ხდებოდა მაშინდელი გარეუბნების - ვაკისა და დელისის მიდამოებში. აქ ბუნებრივი ამფითეატრული რელიეფი ქმნიდა ათიათასობით მაყურებლის განთავსების, სადოღე წრის, ხალხური თამაშების არენის, მთის დოღის ტრასის გამართვის საშუალებას.

 


1959 წელს დელისში გაიხსნა ახალი სახელმწიფო იპოდრომი (არქიტექტორი იური კასრაძე), მისამართი: მიხეილ თამარაშვილის 13. მისასვლელები აქვს აგრეთვე ანა ანტონოვსკაიას, ზაზა ფანასკერტელისა და სულხან ცინცაძის ქუჩებიდან.
1995 წლიდან მიენიჭა მისი დაარსების მოთავის, კოტე ნაჭყებიას სახელი.

 


ბუნებრივ ნაჭაობარ ტაფობში მდ. ვერის ხეობიდან ნაციხრის ქედით შემოზღუდული ტერიტორია 57 ჰექტარ ფართობს მოიცავს, 10000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა ფერდობის კალთაზეა შეფენილი. იპოდრომის ძირითადი საპრიზო საჭენებელი წრის სიგრძეა 1813 მეტრი. ამ წრის ნაწილი 90-იანი წლებიდან დაზიანდა იპოდრომის მონაკვეთზე სადრენაჟო კოლექტორის არასწორი დაგეგმვის გამო და 1996 წლიდან განახლებული ცხენთგამოცდის დოღები უკვე სამუშაო წრეზე ტარდებოდა (სიგრძე 1600 მ, სიგანე 12 მ). ამ წრეს გარშემო მისდევს სტიპლჩეიზის მწვანე ტრასა, 1400 მ. სიგრძის. იპოდრომის მინდორზე განლაგებული დაბრკოლებების დიაგონალური ჩართვით აქ შეიძლება ნებისმიერი მანძილის მარშუტების გამართვა. საპრიზო და სამუშაო წრეებს შორისაა სარბოლი წრე (სიგრძე 1700 მ., სიგანე 18 მ.), ვირაჟების დახრილობაა 7-9 გრადუსი. სწორი მონაკვეთების განივი დახრილობაა 1,5 გრადუსი. დელისის იპოდრომი არა მარტო ცხენგამოცდის, არამედ ეროვნული და კლასიკური საცხენოსნო სპორტის ცენტრია. აქ არის 10 თავლა, დახურული მანეჟი მაყურებლის ტრიბუნებით, ღია მანეჟი, 2 საკონკურო მოედანი.
იპოდრომზე გარდა სპორტული ცხენოსნობის კერებისა, მუშაობდა საკუთრივ იპოდრომის გაქირავების პუნქტი. ამ ხაზით, აქ 60-იანი წლებიდან მყარი ტრადიციები დამკვიდრდა. მის ტერიტორიაზე იყო სამომშენებლო შპს „ქართული ცხენი“, რაიტ თერაპიის ცენტრი „მუსტანგი“, რომელიც საერთაშორისო აღიარების მეცნიერულ-მეთოდოლოგიურ ბაზას ეფუძნება, ხელმძღვანელი პროფ. დავით წვერავა.
1996 წლიდან დელისის იპოდრომი შპს „ჟოკეი კლუბის“ საკუთრებაა, რომელიც იმავე წელს ჩამოყალიბდა და პარტნიორთა საბჭოს გენერალური დირექტორი არის ლ. ჯაიანი. ჟოკეი კლუბს ეკუთვნის ყულარის ცხენსაშენი, რომელიც წმ. სისხლის ინგლისურ ცხენებს ზრდის.

 


2000 წელს მათ ჰყავდათ 38 დედა ფაშატი, 5 აჯილღა, იპოდრომზე გამოიცადა ცხენსაშენის 2-3 წლის 58 ცხენი. საკუთარი იპოდრომი და ცხენსაშენი „ჟოკეი კლუბს“ ხელს უწყობს მიზანმიმართულ სელექციურ და სპორტულ მუშაობაში.1998 წელს საფუძველი ჩაეყარა ეროვნულ ცხენოსნობის გუნდს, რომელმაც მომდევნო წლებში მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა.

 


ნანა ცომაია