ახალი საკანონმდებლო ცვლილება ბუნების წინააღმდეგ ბეჭდვა ელფოსტა

axali-kanoniცვლილებების პაკეტი, რომელიც საქართველოს  ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მოამზადა და საქართველოს პარლამენტმა 2012 წლის 20 მარტს დაჩქარებული წესით დაამტკიცა, სრულად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებას-ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში(მუხ.37)


გარემოს დაცვის კანონში შეტანილი  ცვლილებების შემდეგ, შესაძლებელია შეთანხმების  დადება დაინტერესებულ პირსა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის, გარკვეული კომპენსაციის  სანაცვლოდ, დაინტერესებული პირის საქციელი ჩაითვალება კანონიერად.

კანონის ამ ცვლილებით უფლებას იძენენ  დააბინძურონ ნიადაგი, სასმელი და ზღვის წყლები შხამქიმიკატებითა თუ  ნავთობით; დაარღვიონ ტყითსარგებლობის  წესები, გაჩეხონ ტყეები, აწარმოონ ტყვიაშემცვლელი ბენზინის რეალიზაცია, ასევე წესების გარეშე აწარმოონ ნადირობა და თევზჭერა. ახალი საკანონმდებლო ცვლილებით კომპენსაციის პირობით ნებადართულია: ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა ნორმების დაცვის გარეშე; ქიმიურ საშუალებათა გარემოში გამოყენების ნორმების დარღვევა და მათი ტრანსპორტირების, შენახვისა და   გამოყენების წესების დარღვევა. ყოველივე ზემოაღნიშნული საფრთხეს შეუქმნის  ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობას და გააუარესებს ეკოლოგიურ გარემოს, რაც დაუშვებლად მიგვაჩნია.
 ვფიქრობთ, ამგვარი ცვლილებები კერძო პირების  ინტერესებს ემსახურება და ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებას.

 

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) დაემატოს შემდეგი შინაარსის II2 კარი:

„კარი II2

შეთანხმება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში

თავი XVI3

შეთანხმება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში და მისი დადების წესი

    მუხლი 5710. შეთანხმება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში

 1. დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და ამ პირს შორის შესაძლებელია დაიდოს შეთანხმება, რომლითაც პირის მიერ შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი/განხორციელებული ყველა ქმედება ითვლება კანონიერად.

2. შეთანხმება იდება დაინტერესებული პირის მიერ სახელმწიფოსათვის კომპენსაციის გადახდით.

3. შეთანხმების დადების დღიდან პირს შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილ/განხორციელებულ ქმედებაზე სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმართ არ დაეკისრება სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მათ შორის, ჯარიმა ან/და ზიანის ანაზღაურება, ასევე რაიმე სახის ვალდებულება, მოსაკრებელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეთანხმება გაუქმებულია.

4. დაუშვებელია პირის მიერ შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი/განხორციელებული ქმედების შემოწმება და სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის, მათ შორის, ჯარიმის ან/და ზიანის ანაზღაურების, ასევე რაიმე სახის ვალდებულების, მოსაკრებლის დაკისრება სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეთანხმება გაუქმებულია.

5. შეთანხმების დადებიდან მის გაუქმებამდე პერიოდში ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადების დინება შეჩერებულად ითვლება.

6. შეთანხმება შესაძლებელია ითვალისწინებდეს დაინტერესებული პირის მიერ შესასრულებელ სხვა ვალდებულებას.

7. შეთანხმების გასაჩივრება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი.

    მუხლი 5711. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში შეთანხმების დადების წესი

1. ამ კანონის 5710 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების დადების მიზნით დაინტერესებული პირი წერილობით მიმართავს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რომელიც უფლებამოსილია:

ა) უარი თქვას შეთანხმების დადებაზე, რაც წერილობით უნდა ეცნობოს დაინტერესებულ პირს. ასეთ შემთხვევაში სამინისტრო არ არის ვალდებული, დაასაბუთოს უარი;

ბ) აღნიშნული განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

2. დაცულ ტერიტორიასთან დაკავშირებით საკითხი უნდა შეთანხმდეს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან.

3. შეთანხმების დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

4. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შეთანხმებით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით დამატებით პირობად შესაძლებელია განისაზღვროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესახებ დაინტერესებულ პირს წერილობით უნდა ეცნობოს.

6. შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით.

7. დაინტერესებული პირის მიერ შეთანხმების პირობების დარღვევა გამოიწვევს შეთანხმების გაუქმებას ამავე შეთანხმების პირობების შესაბამისად.

    მუხლი 5712. ამ თავის მოქმედების სფერო

1. ამ თავის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) დაინტერესებული პირის პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიმართ;

ბ) დაინტერესებული პირისათვის დაკისრებულ იმ სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებზე, მათ შორის, ჯარიმაზე ან/და ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე მოსაკრებელზე, რომლებიც შეთანხმების დადების დღეს აღსრულებულია/შესრულებულია;

გ) საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებებზე.

2. ამ თავით გათვალისწინებული შეთანხმების დადების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

მუხლი 2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 232-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი:

„10) ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 511−515, 52-ე, 53-ე, 531, 532, 54-ე, 541, 55-ე, 551−555, 56-ე, 57-ე, 571−573, 58-ე, 581, 582, 59-ე, 593, მე-60, 603, 61-ე, 611, 63-ე, 631, 64-ე, 641, 65-ე, 66-ე, 661, 662, 67-ე, 671, 68-ე, 69-ე, 694, 695, 71-ე, 721, 73-ე−78-ე, 791, 792, 82-ე, 821, 822, 84-ე, 841, 85-ე, 851−855, 86-ე, 89-ე, 891−893, 912, 962, 1031, 104-ე, 1282−1285, 1461, 1462, 148-ე, 150-ე, 151-ე, 1511, 152-ე, 1523, 1652 და 1735 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ან იმ პირის მიერ, რომლის უფლებამოსილების ფარგლებშიც მოქმედებდა იგი, დადებულია „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 5710 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმება, რომელიც მოიცავს პერიოდს, როდესაც ჩადენილ იქნა ზემოხსენებული სამართალდარღვევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეთანხმება გაუქმებულია.“.

მუხლი 3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) 34-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) დადებულია „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 5710 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმება.“;

ბ) შენიშვნა:

„შენიშვნა:

1. ამ პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე აღსრულება შეწყდება, თუ „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 5710 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმება დადო პირმა, რომლის მიმართაც ხორციელდება აღსრულება, ან იმ პირმა, რომლის უფლებამოსილების ფარგლებშიც მოქმედებდა პირი იმ ქმედების ჩადენისას/განხორციელებისას, რომელთან დაკავშირებითაც მიღებულ იქნა იძულებითი წესით აღსასრულებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, აღსრულების შეწყვეტის აუცილებელი პირობაა, რომ ქმედება, რომელთან დაკავშირებითაც მიღებულ იქნა იძულებითი წესით აღსასრულებელი გადაწყვეტილება, ჩადენილია/განხორციელებულია ზემოხსენებული შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდში.

2. ამ პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ეხება მხოლოდ სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სასარგებლოდ აღსასრულებელ საქმეებს.“.

 მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 20 მარტი.

№5916-რს

 

 

 

 




gamokitxva