ახალი მსხვერპლი- ბარათაშვილის ქუჩის ცაცხვები ბეჭდვა ელფოსტა

1baratashvili222 აპრილს, დედამიწის დღეს, როცა ცივილიზებული ადამიანები ხეების დარგვით აღნიშნავენ, საქართველოს დედაქალაქის შუაგულში, ბარათაშვილის ქუჩაზე ბარბაროსული აქციით შეხვდნენ - თბილისის მერიამ განახლებისა და აღმშენებლობის ეგიდით ოცი ძირი მრავალწლიანი ცაცხვი მოჭრა.

აღშფოთებულმა მოსახლეობამ ” უსაფრთხო სივრცის” ოფისში დაგვირეკა და დახმარება გვთხოვა, ადგილზე მისულებს შემაძრწუნებელი სურათი დაგვხვდა-ბენზოხერხების გუგუნში ერთმანეთის მიყოლებით მიწას ენარცხებოდა ახალგაფოთლილი ცაცხვები, ადამიანს არ ჩაუვლია, წუხილი რომ არ გამოეთქვა- რას აკეთებთ, ვინ მოგცათ ამის უფლება?- კითხულობდნენ, მაგრამ პასუხის გამცემი არავინ იყო. მერე სადარბაზოში თავშეფარებული ქალაქის გამწვანების სამსახურის უფროსისის მოადგილე ვასილ ჩალაძე მოვიხელთეთ და კომენტარი ვთხოვეთ, რომელიც თავს იმართლებდა- არაფერს არ ვჭრით, უნდა გადავბელოთ და განვაახლოთო. თუმცა, მალე სატვირთო მანქანა ჩამოდგა და საგულდაგულოდ შეფუთული კიპარისის ნერგები მოიტანა, შესაშური სისწრაფით და ფაცა-ფუცით დაიწყეს ჩარგვა, ზედ ცაცხვების ძირში, რამაც დაგვარწმუნა, რომ გადაბელილი ცაცხვები საბოლოოდ მოსაჭრელად იყო განწირული.

-ეს ცაცხვები ოცდაათ წელზე მეტის არიან, ჩვენი კორპუსის მცხოვრებლებმა გავახარეთ, ვრწყავდით, ვუვლიდით, ჩვენს შვილებთან ერთად გაიზარდნენ ამ ქუჩაზე, სრულიად ჯანმრთელი ხეები, ნეტავ რას აშავებდნენ? დაგვარბიეს, გაგვაჩანაგეს- აღშფოთებას ვერ მალავდა მაია მანიჟაშვილი და გვიყვებოდა, ცაცხვებამდე როგორ მოჭრეს ბარათაშვილის ქუჩის გზისდამყოფზე 12 ძირი ჭადარი. -ბავშვები აქვე, დედა ენის ბაღში ჩამყავს და ყოველდღე თითო ხე მოჭრილი მხვდება, პასუხის გამცემი არავინაა, ”ზევით’ ასე გადაუწყვეტიათ და მორჩა, ვისთვის ან რისთვის კეთდება ეს ყველაპერი, ეს ქალაქი ხომ ჩვენიცაა?

კითხვები რიტორიკულია, მანამ, სანამ არ გავარკვიეთ, რომ ბარათაშვილის ქუჩის ცაცხვების განადგურებისა და და 120 ძირი კიპარისის დასარგავად ქალაქის მერიას 225 ათასი ლარი გამოუყვია, კიპარისის ნერგები კი ტენდერით ფირმა ”გრიინ სერვისისაგან” შეუძენია, რომელიც ძველი თბილისის ყოფილი გამგებლის, ფურცხვანიძის საკუთრება ყოფილა. ვფიქრობთ , ბევრ კითხვაზე პასუხი ამ ინფორმაციით გაცემულია.

როგორც ვფიქრობდით, მოვლენებიც ისე განვითარდა-ბარათაშვილის ქუჩაზე გადაბელილი ცაცხვები უკვე ძირში მოჭრეს, ბევრი ამოძირკვეს და ათასებად შეფასებულ კიპარისებს ნიადაგი გაუთავისუფლეს, თუმცა, მერე არც კიპარისების მოვლაზე უზრუნია ვინმეს, მოსახლეობის თქმით, დღეები გადის და ახალი ნარგავები არავის მოურწყავს, წვიმა კი არავინ იცის როდის მოვა...

1baratashvili3

1baratashvili

 




gamokitxva