მაია დეისაძე- ჩვენი ფოტოგრაფი ბეჭდვა ელფოსტა

მაია დეისაძე, როცა პოლიტექნიკური ინსტიტუტის საამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, ალბათ  ვერც იფიქრებდა, რომ გავიდოდა წლები და პროფესიულ არჩევანს ფოტოგრაფიის სასარგებლოდ გააკეთებდა. დღეს  უკვე ცნობილი ფოტოგრაფი მრავალი გამოფენისა და პროექტის  ავტორია. ბევრს  მოგზაურობს  საქართველოში, ყავს მოსწავლეები. მიაჩნია, რომ მასწავლებლობის გაკვეთილები იმ ადამიანებისაგან მიიღო, რომლებმაც უშურველად  გადასცეს პროფესიული გამოცდილება და ყველაზე დიდ, ადამიანურ ურთიერთობებსაც აზიარეს.

 

 მაია დეისაძე საზოგადოება“უსაფრთხო სივრცის“ ფოტოგრაფია და მისი გამოჩენა ნიშნავს, რომ გვექნება კიდევ ერთი   კარგი რეპორტაჟი, სახასიათო ფოტო - შეჩერებული წამი და ჩვენი მთავარი სათქმელიც  სრულყოფილი და საინტერესო იქნება.

 დღეს მაია დაგვთანხმდა ახალ, რესპოდენტის ამპლუაში იყოს და გაიხსენოს, რა არის მისთვის ფოტოგრაფია, როგორ გახდა მისთვის კამერა ყველაზე ახლობელი, რა იყო მანამდე  და რის გაკეთებას აპირებს მომავალში.

               -საქართველოში ოდითგან საოჯახო ფოტოალბომების ტრადიცია იყო, მახსოვს სახლში რამდენიმე ასეთი ფოტოალბომი გვქონდა-ხავერდისყდიანი, ოცინ,ოცდაათიან წლებში გადაღებული ჩემი წინაპრების ფოტოებით სავსე, დღეს ამ ფოტოებს სერიოზული ფოტოგრაფიული ღირებულება აქვს არა მარტო სიძველის, არამედ მხატვრული  ნამუშევრის გამო. სულ მინდოდა გამეკეთებინა გამოფენა- ოჯახური ალბომი. ერთხელ გურამ წიბახაშვილთან მოვხვდი და გავუზიარე ეს სურვილი, აღმოჩნდა რომ გურამს უკვე გაეკეთებინა მსგავსი გამოფენა-ავტობიოგრაფია დაბადებამდე. ფოტოგრაფიით ჩემმა გატაცებამ სულ სხვა კუთხით დამანახა ეს ალბომები.

      პატარაობისას დედას დავყავდი ფოტოსტუდიაში და მნიშვნელოვან თარიღებსაც ფოტოსურათის გადაღებით ავღნიშნავდით ხოლმე ასე გაჩნდა სურათები წარწერებით, მაია 3 წლის, ხუთის, ათის და აიკინძა პატარ-პატარა ისტორიები. ერთი ფოტოა, მოყვარულის გადაღებული, სულ პატარა ვარ, მაგრამ ისეთი მანერული და სახასიათო ფოტოა, რომ ნამდვილი მე ვარ.ძველი ფოტოები არაჩვეულებრივი ინფორმაციის მატარებელია და ყოველთვის განსაკუთრებული სიამოვნებით ვათვალიერებ. მოგვიანებით კი ფოტოებს უკვე წმინდა პროფესიული თვალით შევხედე და უკვე თავადაც დავიწყე გადაღება, მაგრამ გადაღება მარტო ღილაკზე თითის დაჭერა და „ჩაჩხაკუნება“ რომ არაა, მაშინ მივხვდი, როცა იური მეჩითოვის ლექციაზე მოვხვდი თეატრისა და კინოს ინსტიტუტში, ეს იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ უარი ვთქვი ჩემს ძირითად პროფესიაზე, მივატოვე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მხაზველობითი გეომეტრიის  სალექციო კურსი,  ამ კუთხით პედაგოგის კარიერა  და ასე ვთქვათ, შუა ოკიანეში ჩავხტი,  ჩემთვის ახლი  სამყარო გაიხსნა, დაიწყო ურთიერთობა ჟურნალისტებთან, მხატვრებთან, რეჟისორებთან, გამომცემლებთან... რაც მეტს და მეტს ვიგებდი ფოტოგრაფიაში, მით უფრო  ვრწმუმდებოდი, რომ   ჩემთვის  საინტერესო   საქმიანობას მოვკიდე ხელი. მალე   იური მეჩითოვთან ერთად მუშაობა  ორი გამოფენით დასრულდა, ეს  იყო „ შეფუთულს მიღმა“ და“ელექტრონული ქალები“.   მერე თანდათან  გაჩნდა  ახალი თემები, იდეები, პროექტები, გამოფენები. ახლა 16 წლიანმა გამოცდილებამ ზღვა ინფორმაცია დამიგროვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ყოველდღე ვსწავლობ, ყველაფერს ფოტოგრაფიული თვალით ვუყურებ; ვკითხულობ, ვნახულობ ფილმებს ფოტოგრაფიასა და ფოტოგრაფებზე. გარდა ამისა ტექნიკურადაც ისე ვითარდება ეს დარგი, რომ სისტემატურად თვალყური უნდა მიადევნო და ნახო, რას გთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიები. თავდაპირველად   ვიღებდი და მერე  როცა ციფრულზე  გადავედი, თითქოს დეპრესიაში ჩავვარდი, სულ მეგონა რომ  არ გამომოვიდოდა. მივხვდი,ფოტოგრაფია არის დარგი, კამერა კი არის საშუალება. შენ რა საშუალებით შექმნი მესიჯს, ამას არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია, სწრაფი რეაგირების  ჩვევა გამოიმუშაო.ახლა ისეთი დახვეწილია ციფრული ტექნოლოგია, რომ ყველა საშუალებაა შენი სათქმელი კარგად, კულტურულად მიიტანო ადამიანებამდე.  თან ციფრულმა  აპარატებმა გამოათავისუფლა ის  დრო, რაც გადაღებული ნამუშევრის დაბეჭდვას და დამუშავებას სჭირდებოდა.

        ერთხელ ერთმა დამკვეთმა მითხრა, ცოტა ფული გვაქვს და „ ისე, რა“ გადავიღეო, ასეთი რამ არ არსებობს, ეს საქმე თუ გიყვარს,  მატერიალურ ანაზღაურება მთავარი ნამდვილად ვერ იქნება, რადგან ყველაფერი  ერთგულებითა და მზრუნველობით უნდა გავაკეთო.

მახსოვს, ერთ პროექტზე ვმუშაობდი, იმერეთის სოფლებში სასაფლაოებს ვიღებდი და სრულიად  სხვგვარად  შევაფასე ჩემთვის ძაალიან ნაცნობი რეალური სამყარო.  ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, ბებიას გარდაცვლილი შვილის საფლავზე დავყავდი. მერე ძმა გარდამეცვალა და სიკვდილი ახლობელი გახდა, შიშიც დავკარგე.  ხშირად მიხდებოდა საფლავებზე გასვლა და უკვე ფოტოგრაფმა, სხვა თვალით შევხედე და აღმოვაჩინე, საფლავებზე  გადიდებული , დაფერილი  ფოტოები მხატვრული ღირებულების მატარებელი იყო. ამ განცდით შევქმენი სერია, რომელიც განსაკუთრებული ემოციითაა დამუხტული. 

      დღეს  სოციალურმა ქსელებმა ძალიან დააბინძურა ფოტოგრაფიული კულტურა, იღებენ ყველგან და ყველაფერს. ვფიქრობ, თვითდამკვიდრებისა თუ პიარისათვის გადავსებულია საიტები მდარე და უხარისხო ნამუშევრებით-ვიღაცასთან ან რაღაცასთან გადაღებული ფოტოებით.  ფოტოგრაფია და ხელოვნება უპირველესად ხომ ესთეტიკასთანაა დაკავშირებული და   რასაც გამოვფენთ, ესთეტური უნდა იყოს.

      ფოტოგრაფია არის ისტორია, მეხსიერება და ჩემთვის ნებისმიერი ფოტოგრაფიული საქმიანობა საინტერესოა.ხშირად, ფოტოგრაფია ჩემთვის მოქალაქეობრივი მოვალეობის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. მახსოვს, ამ რამდენიმე წლის წინ, როცა დიღმის ტყე-პარკის შესანარჩუნებლად ანნა გაბრიაძემ აქციები დაიწყო, ჩავთვალე, მის გვერდით უნდა ვმდგარიყავი და  მონაწილეობა მიმეღო ამ უნიკალური ადგილის გადარჩენაში. ასე აღმოვჩნდი  ეკოლოგიის და  გნებავთ ასე ვთქვათ, ბუნების ქომაგთა გვერით, რადგან მიმაჩნია, რომ ბუნება, ტყე  ჩვენი საგანძურია და მისი მოვლა ყველას მოვალეობაა.

    ფოტოგრაფია სხვანაირ  აზროვნებას, განსხვავებულ ხედვას, სამყაროს აღქმას გულისხმობს, ესაა კადრებად დანახული მოვლენები. ეს თვისება მეტნაკლებად ყველა ადამიანშია და თუკი გააღვივებ, შეიძლება ხელოვნების დონეზე აიყვანო, ამიტომ, ვფიქრობ,ქალაქიც ცენტრში, მუსახერხებელ ადგილზე გადავიტანოთ ფოტოგრაფიის სკოლა  და პერმანენტულ რეჟიმში მოსწავლეებთან ურთიერთობა უფრო ინტენსიური გახდეს. მე ისეთი პედაგოგების მოსწავლეობა მერგო, ისეთი დიდი ადამიანები იყვნენ,  რომ მოწოდებით მეც პედაგოგი ვარ, მიყვარს ბავშვებთან მუშაობა და მიმაჩნია, ასეთი სკოლა საშუალებას მომცემს თავი მოუყარო მთელ გამოცდდილებას და სხვებსაც  გავუზიარო.  

      მაია  ამბობს რომ, ბევრი ტკივილების მიუხედავად, ბედნიერია , რადგან  მისთვის ყოველი დღე სავსეა შეხვედრებით, სახეებით, ადამიანებით, შთაბეჭდილებებით, წამის შეჩერება კი მისი საქმეა!

  დღეს მაია მოვა, ეს იმას ნიშნავს რომ გვექნება ერთი კარგი რეპორტაჟი!    

 




gamokitxva