თბილისის საგზაო მოძრაობა – პრობლემები და მათი გადაჭრის გზები ბეჭდვა ელფოსტა

21 საუკუნეში საქართველოში ავტომობილების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია. ამან და, სპეციალისტების განმარტებით, ზოგ შემთხვევაში საგზაო პოლიტიკის არასწორმა დაგეგმარებამ თბილისში საგზაო მოძრაობის გადატვირთვა გამოიწვია.


 

საგზაო მოძრაობის განტვირთვა თბილისში – ქალაქის ყველა მთავრობის ერთ–ერთი უმთავრესი ამოცანა იყო და არის, თუმცა მივიღეთ თუ არა სასურველი ეფექტი ახალი გზების, გვირაბების, ხიდებისა და ესტაკადების მშენებლობის შედეგად – კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.

რა გავლენას ახდენს საცობები, ხმაური და ახალი გზების მშენებლობა ქალაქზე და როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა – ამ კითხვაზე სპეციალისტები პასუხობენ.....

 

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტი შალვა ობგაიძე ამბობს, რომ საცობებს უამრავი უარყოფითი შედეგი აქვს. "პირველ რიგში ის, რომ მუნიციპალური სამსახურის მანქანები – საპატრულო პოლიციის მანქანები, სამაშველო, სასწრაფო დახმარების მანქანები დროულად  დანიშნულების ადგილამდე ვერ მიდიან. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ადამიანი საცობში დგომისას ყოველდღიური სტრესის 90  პროცენტს, 100 პროცენტს თუ არა. საცობებთან ბრძოლა ეს არ არის ერთი ხელის მოსმით გადასაწყვეტი საკითხი. ეს არის კომპლექსურად გადასაწყვეტი საკითხი და ამაში უნდა იყვნენ ჩართულები ურბანისტები, მშენებლები, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სპეციალისტები, ასევე განათლების მუშაკები".

 

თამარ მეფის ხიდი,  გმირთა მოედანი, გზის მონაკვეთი ლაგუნა ვერესთან, კოსტავას ქუჩა ფილარმონიასთან, პეკინის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი – ეს ის ძირითადი გზის მონაკვეთებია, რომლებზეც მოძრაობა შეფერხებებით მიმდინარეობს.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, პრობლემა – საგზაო მონაკვეთების დაპროექტების არასწორ პოლიტიკაშია. ამის მიზეზად კი თბილისის განვითარების და რეკონსტრუქციის გენერალური გეგმის პროექტის არ არსებობას ასახელებენ.

საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი ამბობს, რომ მიწათსარგებლობის გეგმა დაასახელეს გენერალურ გეგმად. "პარადოქსია, რომ ჯერ კეთდება  გენერალური გეგმა და შემდეგ მიწათსარგებლობა, აქ კი ეგრევე გაკეთდა მიწათსარგებლობა. მაშინ თქვეს , ჩვენ გენ–გეგმა გვაქვს და მიწათსარგებლობის პროექტს დაარქვეს გენერალური გეგმა" .

არქიტექტორი, სამეცნიერო გამოკვლევების ავტორი ისტორიული ქალაქების აღდგენა-განაშენიანების დარგში გიგა ბათიაშვილი ამბობს, რომ გენერალური გეგმა – ქალაქის კონსტიტუციაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალაქის მმართველი ვალდებულია ყველა ღონისძიებას ქალაქში ამ გენერალური გეგმის შესაბამისად უხელმძღვანელოს. როგორც ადამიანის მკურნალობა – ექიმის რეცეპტის გარეშე არ შეიძლება, ასევე ქალაქში საგზაო მოძრაობის მოწესრიგება გენერალური გეგმის გარეშე – შეუძლებელია, – ამბობს გიგა ბათიაშვილი.

"ახალი სქემაა შესადგენი, ახალი ღონისძიებები ჩასატარებელი, დასადგენია , სად ჩატარდეს არქიტექტურულ–ქირურიული ოპერაციები",– ამბობს გიგა ბათიაშვილი.

...გმირთა მოედანი. კვანძი, რომელიც აერთიანებს ქალაქის რამდენიმე მთავარ გზას. ეს ქალაქის ერთ–ერთი მთავარი მონაკვეთია, რომელიც  ესტაკადების აშენების მიუხედავად მუდმივად გადატვირთულია.

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე საუბრობს ოთხ ძირითად კომპონენტზე, რომელთა საშუალებით მოძრაობა დედაქალაქში საკმაოდ განიტვირთება და იქნება ორგანიზებული.

"პირველი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი დამატებითი გზა, ესტაკადა და გვირაბი აშენდეს, მეორე – არსებული შუქნიშნის ობიექტების ავტომატიზაცია, რაც გულისხმობს ეგრედ წოდებულიჭკვიანი შუქნიშნების დამონტაჟებას, მესამე – პარკირების სისტემის უკეთ ორგანიზება და მეოთხე – საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარისხის გაუმჯობესება.

თბილისის საგზაო მოძრაობის განტვირთვისთვის საჭირო ღონისძიებებზე და საკუთარ  წინადადებებზე საუბრობს 1968–2000 წლების გენ–გეგმის ერთ–ერთი ავტორი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის წევრ–კორესპონდენტი გივი შავდია.

ავტოსადგომების არსებობა თბილისში –საგზაო მოძრაობის განტვირთვის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, – ფიქრობს არქიტექტორი გივი შავდია.

გზების ზედმეტი გადატვირთვა აისახება ასევე თბილისის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. როგორც ამბობს ბატონი გივი, ჩატარებულია არაერთი კვლევა, რის შედეგად გაირკვა, რომ დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა.

როგორც ცნობილია თბილისს ოთხი გენერალური გეგმის პროექტი ჰქონდა. 1934 წლის გეგმა, 1951–1953 წლების დოკუმენტი, 1968–2000 წლების და 2009 წლის თბილისის განვითარების და რეკონსტრუქციის გენერალური გეგმის პროექტი. გივი შავდიას თქმით, ამ გეგმაში იმდენად სწორი გათვლებია, რომ ხანდახან ამ დოკუმენტში დღესაც კი ვიხედებით.

სამკუთხედი: ვარაზისხევი – ფილარმონია – კოსტავას ქუჩა – კიდევ ერთი მონაკვეთია, რომელიც  საცობებს ქმნის. გივი შავდიას გათვლებით, – მელიქიშვილის გამზირის ცალმხრივ მოძრაობაზე გადაყვანა – არასწორია. ბატონი გივის გაანგარიშებით ამ ტერიტორიაზე მანქანების ნაკადის მიხედვით – ყოველწლიურად ავტომანქანები 18,5 მილიონი კილომეტრით მეტს გადიან, შესაბამისად წელიწადში 10 მილიონი ლარით მეტ ბენზინს ხარჯავენ.

გზის მონაკვეთი ლაგუნა ვერესთან – კიდევ ერთი ადგილი თბილისში, სადაც ესტაკადის აშენების შემდეგ, სპეციალისტების განმარტებით, მოძრაობა კვლავ გადატვირთულია, საცობები კი შექმნილია ხელოვნურად.

თბილისში ყოველდღიურად  400 000 მდე სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება, მობილობა კი ქალაქის მერიის ინფორმაციით დაახლოებით 50 პროცენტით არის გაზარდილი.  მერიაში ამბობენ, რომ ამის მიზეზი ეკონომიური – ანუ ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების რაოდენობის გაზრდაა. რა სამუშაოები ჩატარდება თბილისში მოძრაობის მოწესრიგებისთვის – ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი მძღოლები შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს თვითონ ეძებენ და ავტომობილებს გაბარიტების მიხედვით ირჩევენ.

მანქანა – 21 საუკუნეში ფუფუნების საგანი აღარაა – დღეს – ის გადაადგილების საშუალებაა. თბილისში მანქანების სიმრავლეს ბევრი უარყოფითი ფაქტორი გააჩნია, ამიტომ ყოველი ადამიანი გადაადგილების საშუალების არჩევის თავისუფლებას იყენებს.

 

 

 

 




gamokitxva