კანონმდებლობაში მოსალოდნელი ცვლილებების პროექტები ბეჭდვა ელფოსტა

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის პროექტები, რომლებიც მზადდება რათა ცვლილება შევიდეს ქ.თბილისის ტერიტორიაზე მწვანე

 ნარგავების დაცვის მოვლისა და აღდგენის წესსა და ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ კანონში

2016 წლის 21 ნოემბერს ქალაქ თბილისის მერიაში ჩატარდა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც გაგვაცნეს ,,მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამის მოქმედ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე’’ პროექტი ზოგადად, ხოლო მოგვიანებით ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გამოგვეგზავნა „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესსა’’ და „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტები. გავეცანით რა წარმოდგენილ პროექტებს, გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი მოსაზრებები: „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესში შესატანი ცვლილებების პროექტში ნათქვამია, რომ კერძო ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრები აუცილებლად მოითხოვს კომისიის რეკომენდაციას, თუმცა არ არის დაკონკტერებული აღნიშნულ კომისიაში იქნებიან თუ არა დარგის სპეციალისტები, რაც ჩვენი აზრით კომისიის დასკვნის კომპეტენტურობას აუცილებლად დააყენებს ეჭვქვეშ, არ ექნება სანდოობის მაღალი ხარისხი, რაც ჩვენს პირობებში (არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე) აუცილებელია და ყოველ ჯერზე იქნება განხილვის, დავისა და მსჯელობის საგანი, რაც დამატებითი რესურსების ხარჯვას გამოიწვევს;

პროექტის შესაბამისად გათვალისწინებულია ნებართვის გაცემის დაპირების არსებობა, რაც კიდევ უფრო შებოჭავს ქ.თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც რეალური მექანიზმი, რის გამოც მესაკუთრეს შეიძლება უარი ეთქვას სამშენებლოდ გამიზნულ ტერიტორიაზე მოჭრას ჯანსაღი ნარგაობა, აგრეთვე დაავადებული ხე–მცენარე (რომელიც ექვემდებარება განკურნებას) არ არსებობს, რის თაობაზეც არაერთხელ მოგვისმენია განმარტება ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურის წარმომადგენლისაგან ადმინისტრაციული დავების განხილვისას. ამით კი სამსახურს მეტი ვალდებულება ეკისრება რაც არასწორად მიგვაჩნია, რადგან ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო გამოვა არა გამწვანებული ტერიტორიების დასაცავად არამედ მხოლოდ კერძო მესაკუთრეთა ინტერესების გამძლიერებლად, რასაც ისედაც ახორციელებენ.

წარმოდგენილი ცვლილებების პროექტით რიგ შემთხვევებში (მაგ. კერძო მესაკუთრის მიწაზე არსებული დაზიანებული , დაავადებული (რომლის განკურნება შეუძლებელია) ნარგაობის მოჭრისთვის) მესაკუთრე თავისუფლდება აღდგენითი ღირებულების გადასახადის გადახდისაგან, მაგრამ სანაცვლოდ არავითარი ვალდებულება არ ეკისრება (მაგ. ჩანაცვლებითი დარგვა და ა.შ.). ხოლო დანარჩენ შემთხვევაში მართალია აღდგენით იღირებულების გადახდის ვალდებულება რჩება, მაგრამ ვფიქრობთ მხოლოდ აღნიშნული არ არის საკმარისი და შესატყვისი ჯანსაღი ხე–მცენარეების მოჭრის სანაცვლოდ და აუცილებელია დამატებით სხვა ღონისძიებაც ჩანაცვლებითი რგვის სახით. არსებული წესის პირობებში ისედაც დაუცველია კერძო მესაკუთრის ტერიტორიაზე არსებული ნარგავები. დაშვებულია ერთადერთი შეზღუდვა: ასეთ შემთხვევაში ნებართვის გაცემის საფუძველია ,,იმ ტერიტორიაზე სადაც დაგეგმილია მშენებლობა და იმ მწვანე ნარგავების რაოდენობა რომლებიც ხელს უშლის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას, შეადგენს საერთო ფართობის 20 %–ზე ნაკლებს ან/და არ გამოიწვევს გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანი მიყენებას.შესაბამისად, კერძო საკუთრებაში არსებული მწვანე ნარგავები ფაქტიურად დაუცველია და კერძო მესაკუთრეს საჭიროების შემთხვევაში (მშენებლობის წარმოებისას) ყოველთვის შეუძლია მათი განადგურება ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.

რაც შეეხება „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტს.მასში მწვანე ნარგავების ჭრის საფუძვლად მითითებულია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი. მაგ. ეკოლოგიისა და გამწვანებიის სამსახური (ქ.თბილისის მერია) აცხადებს ტენდერებს კვლევების ჩასატარებლად, სადაც წარდგენილია საკვალიფიკაციო მოთხოვნები ტექნიკასთან და ლაბორატორიის აღჭურვილობასთან დაკავშირებით. ასეთ პირობებშიც კი კატასტროფულია თბილისის ფიტოსანიტარული მდგომარეობა; ასევე „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესში შესატანი ცვლილებების პროექტში კომისიის აუცილებლობაა განსაზღვრული ჭრების განსახორციელებლად, ამდენად ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის კანონი და საკრებულოს დადგენილება. აქვე საუბარია ადმინისტრაციულ დაპირებაზე რაზეც ზემოთ მოგახსენეთ;

პროექტით გათვალისწინებულია აღდგენითი რგვის დავალება სანიტარული ჭრებისთვის, მაგრამ არა იმავე ადგილას, არამედ სხვა, ქალაქ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მიერ მითითებულ ადგილას. ჩვენი აზრით კი სანიტარული ჭრის განხორციელებისას აღდგენითი რგვა უნდა განხორციელდეს იმავე ტერიტორიაზე სადაც ნარგაობა მოიჭრება. აღსანიშნავია რომ, როგორც შეხვედრაზე განგვიმარტეს რომ „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესში’’ შესატანი ცვლილებები პროექტი ითვალისწინებდა აღდგენითი ღირებულების გარდა აღდგენითი რგვების დავალებასაც რაც დადგენილების პროექტში რატომღაც აღარ იქნა შეტანილი.

ჩვენი მხრიდან საჯარო შეხვედრებზე, აგრეთვე წერილობით არაერთხელ იქნა დასმული საკითხი იმის შესახებ რომ, ქალაქის მასშტაბით კერძო საკუთრებაში აღმოჩნდა ინტენსიურად გამწვანებული ტერიტორიები. რამდენიმე წლის წინ გაუქმდა სავალდებულო ექსპერტიზა, რომლითაც ხდებოდა გასხვისებამდე მიწის სავალდებულო ეკოლოგიური ექსპერტიზა. დღეს ჩვენ პრობლემას ვაწყდებით არამარტო სარეკრეაციო და ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონებში, რომელთაც ეცვლებათ ფუნქციური ზონები, არამედ თბილისის ყველა შიდაკვარტალურ ტერიტორიაზე. დღეს თბილისში შიდაკვარტალური ტერიტორიები ჯერ კიდევ არის ინტენსიურად გამწვანებული, რომლებიც არ არის აღრიცხული და საცხოვრებელი ზონის სტატუსი აქვთ. არსებობს უამრავი მაგალითი იმისა, როდესაც გამწვანებული ეზოები იჩეხება და მათ ადგილას შენდება მრავალსართულიანი კოსპუსები. ასევე შემოუერთდა სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხული 8106 ჰა მიწის ფართობი, რომლებიც ინტენსიურად დაფარულია მწვანე ნარგავებით. ამ ეტაპისთვის ამ მიწის გასხვისება აკრძალულია. თუმცა გასხვისებული ტერიტორიები უკვე სახეზე გვაქვს, რისი მაგალითიცაა 2012 წელს წავკისში საკურორტო კომპლექსის მშენებლობის და კომპლექსთან დამაკავშირებელი გზის გაყვანის მიზნით ბუნებრივი ტყის კორომში, ათასობის ხის გაჩეხვა.

ჩვენი აზრით მნიშვნელოვანია მიწის გასხვისების საკითხების შესწავლა და ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა და არა ისედაც უძლურ წესსა თუ კანონში ისეთი ცვლილებების განხორციელება, რომელიც ნამდვილად არ ემსახურება ნარგაობის დაცვას.

 




gamokitxva