დიღმის ტყე-პარკის უახლესი ისტორია ბეჭდვა ელფოსტა

დიღმის ტყე–პარკის  ისტორია 1934 წელს იწყება. პარკი სანერგე მეურნეობის ფუნქციას ასრულებდა და სხვადასხვა ჯიშის  ნერგებით მთელ ქალაქს ამარაგებდა.  მას აგრეთვე ქარსაცავი ზოლის ფუნქციაც ჰქონდა. ტყე-პარკი თბილისელებისთვის სასეირნო და დასასვენებელი ადგილია. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში მისი ტერიტორია სულ უფრო პატარავდება.  დიღმის ტყე-პარკის მიწები ქალაქის მერიის მიერ უკანონოდ გასხვისდა და ახლა იქ სხვადასხვა ნაგებობებია აშენებული.   

 

დიღმის ტყე-პარკი ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მოქალაქეები, მეცნიერები, მედია თუ არასამთავრობო სექტორი ერთი პრობლემის ირგვლივ გაერთიანდა.  ამ საიტზე განთავსებული მასალები სწორედ ამ ხალხის მუშაობის შედეგია. პარკის გარშემო განვითარებული მოვლენები გამოიკვლიეს  მედია საშუალებებმა  „ხვალინდელი დღე“, „ახალი ვერსია“,  „ლიბერალი“  www.humanrights.ge, რადიო „თავისუფლება“. ის იყო რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიების ობიექტი, მათ შორის სტუდია „მონიტორის“. ამ საკითხებზე ასევე მუშაობდნენ კავკასიის გარმოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი  (CENN) და კავკასიური სახლი.  სამართლებლივ მხარდაჭერას ახორციელებდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ტყე-პარკთან დაკავშირებით განსაკუთრებული აქტივობით გამორჩეოდა „უსაფრთხო სივრცის “ დამფუძნებელი ანა გაბრიაძე.  წლების განმავლობაში ის იყო სხვადსხვა აქტივობების ორგანიზატორი.  დიღმის ტყე-პარკის გადარჩენას ცდილობდნენ უბრალო მოქალაქეებიც.  

საბოლოოდ დღეს არსებული დოკუმენტაციის შედეგად იკვეთება შემდეგი სურათი.

თავდაპირველად დიღმის ტყე-პარკის ტერიტორია 200 ჰექტარი იყო,  90-იან წლებში 75 ჰექტარი დარჩა. მიწების დატაცების პროცესიც ამ პერიოდს ემთხვევა. 1995 წელს ქალაქის მერიამ ფირმა ,,სანს“ პარკის 18 ჰექტარი გრძელვადიანი იჯარით გადასცა, მრავალფუნქციური პარკის მშენებლობისთვის. 1998 წელს ეს ტერიტორია მისი საკუთრება გახდა.  რეკრეაციულ ზონაში ,,სანმა“  39 511 ლარი გადაიხადა.

1998 წელს ტყე–პარკის დანაწევრება და გაყიდვა დაიწყო. ტყე–პარკის საზღვრებში, სამხედრო გზის პირას ბენზინგასამართი სადგურები, სამრეცხაოები და რესტორნები გაჩნდა. ახალმა მეპატრონეებმა უნიკალური ჯიშების გაჩეხვა დაიწყეს, რაც რამდენჯერმე შეიქმნა ადგილობრივ მოსახლეობასთან დაპირისპირების მიზეზი.

2002 წელს მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ჯერ საკრებულოს თავმჯდომარე არ იყო დიღმის ტყე–პარკში ორი აქცია ჩაატარა. მოგვიანებით საკრებულოს დადგენილებით (N 27. 2003წ) ტყე–პარკის ტერიტორიაზე მშენებლობა აიკრძალა.  ამ დადგენილების დარღვევას რამდენჯერმე შეეცადნენ, თუმცა უშედეგოდ.

გალერეა TMC-ში ანა გაბრიაძემ პერსონალური გამოფენა გამართა და ტყე-პარკში წლების განმავლობაში ნახატი ფერწერული ტილოები გამოფინა. გამოფენა  პროესტი იყო დიღმის ტყე-პარკში მიმდინარე მშენებლობების წინააღმდეგ.

2000 ადამიანი  ტყის შენარჩუნების მოთხოვნით

2006 წელს მერიაში 2 000-მდე დიღმელის მოთხოვნა შევიდა, ისინი პარკისთვის ისეთი  სტატუსის მინიჭებას ითხოვდნენ, რომელიც ბუნების მაქსიმალურ დაცვასა და ტყის შენარჩუნებას. მოთხოვნა დაკმაყოფილდა. საკრებულოს დადგენილებით (N41. 2006წ) პარკი გამოიყო, როგორც გამწვანების სპეციალური ზონა. ამ დადგენილების საფუძველზე დაფინანსდა ლანშაპტური პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები. დადგინდა ნაკვეთის საზღვრები და ამ საზღვრებში ტოპო -გეოდეზიური კვლევაც  გაკეთდა.  თბილისის მერიის დაკვეთით (ხელშეკრულება N 1100/10/040) ჩატარდა ტყის ინვენტარიზაცია,  7 000–მდე ხის პასპორტიზაცია, გამოიკვლიეს ნიადაგიც. აღმოჩნდა, რომ ამ ტერიტორიაზე წითელ წიგნში შეტანილი 14 სახეობის მცენარე ხარობს. ზოგიერთი ხე 200-300 წლის არის. ასევე ჩატარდა ფიტოსანიტარული კვლევებიც.

სამუშაოების შემდგომი ეტაპი უკვე უშუალოდ ლანშაპტური პროექტის განხორციელება იყო. იგეგმებოდა, ხეივნებისა და სხვა მწვანე საფარის რეაბილიტაცია. თუმცა, მეორე ეტაპის სამუშაოები არც დაწყებულა, რის შედეგადაც ამხელა შრომა ფაქტობრივად წყალში გადაიყარა. ასევე წყალში გადაიყარა მერიის მიერ უკვე დახარჯული ფული.

გადათხრილი ტყე

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც დაიწყო და არ დასრულდა  სარწყავ სისტემას  შეეხებოდა. თავდაპირველად ტყე მტკვრიდან წყლის საქაჩებით ირწყვებოდა. ამჟამად ეს სისტემა მოშლილია. მთელ თბილისში ნარგავები სასმელი წყლით ირწყვება. ამ შემთხვევაში დიღმის ტყე-პარკი გამონაკლის წარმოადგენს, რადგან ამ ტერიტორიის მორწყვა  სადრენაჟო კოლექტორიდან თვითდინებით არის შესაძლებელი. სწორედ ამ რესურსის გათვალისწინებით მომზადდა  ახალი სარწყავი სისტემის პროექტი (იხ.დავალება პროექტირებაზე). პარკში არხები გაიჭრა. პროექტი არ დასრულებულა, რადგან სხვადასხვა ნაკვეთების  მეპატრონეებმა მას აქტიური წინააღმდეგობა გაუწიეს. ტყე გადათხრილი დარჩა.  გარდა ამისა, დაირგა 500 ხე, რომლითაც ადრე გაჩეხილი ტერიტორიის  აღდგენა მოხდა. ამ ხეებს ადგილობრივი მოსახლეობა თავად უვლიდა.

ეს იყო  გაორებული რეალობა, რომელიც დიღმის ტყე-პარკთან დაკავშირებით წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ერთის მხრივ, მერია ატარებდა სამუშაოებს და მუდმივად აიმედებდა დიღმელებს, რომ ტყეს შეინარჩუნებდნენ,  მეორეს მხრივ, კი არსებობდნენ მიწის მესაკუთრეები, რომლებიც მათ ნაკვეთებზე სამუშაოების ჩატარების წინააღმდეგები იყვნენ.  ამასთან, გრძელდებოდა მიწების გადაყიდვა და საკუთრების  აღიარება.

სტატუსშეცვლილი რვა ჰექტარი

2007 წელს ტყის ფართობი 20,5 ჰექტარით განისაზღვრა (N16). მერიამ ხეების მოვლა–პატრონობის პროგრამების დაფინანსება დაიწყო.

2009 წელს დამტკიცდა თბილისის განვითარების პერსპექტიული გეგმა. გეგმის მიხედვით, დიღმის ტყე–პარკს განესაზღვრა შემდეგი სტატუსი: რეკრეაციული ზონა-1, რაც ბუნების დაცვის ყველაზე მკაცრი რეჟიმია. 

2009 წლის 11 სექტემბრის საკრებულოს  სხდომაზე დიღმის–ტყე პარკის ნაწილს რეკრეაციული სტატუსი მოეხსნა. იმავე დადგენილებით თბილისში კიდევ 22 ზონას შეეცვალა სტატუსი.  პარკის ტერიტორიის ნაწილი საქმიან ზონა 2–ად გადაკეთდა (N 2538) ამ გადაწყვეტილებამ აქციები და პროტესტი გამოიწვია.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების  ქსელის (CENN) მიერ გამოთხოვილი  გადაწყვეტილების პროექტის მიხედვით, სტატუსი შეეცვალა ტყე–პარკის დაახლოებით ერთ ჰექტარამდე ტერიტორიას. მოგვიანებით CENN-მა  იუსტიციის სამინისტროში შენახული მაკეტი, რომელის მიხედვითაც ირკვეოდა, რომ რეკრეაციული ზონის სტატუსი არა ერთ, არამედ რვა ჰექტარს შეეცვალა.

„საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებული რუკა ემთხვეოდა პროექტს, ხოლო იმ დადგენილების რუკაზე, რომელიც საკრებულომ ანა გაბრიაძეს 25 სექტემბერს მიაწოდა, სტატუსშეცვლილი ტერიტორია უკევე რვა ჰექტარი იყო.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, მერიამ საკრებულოს სხვა პროექტი წარუდგინა, მან კი სხვა დაამტკიცა, რისი უფლებაც  არ ჰქონდა.  სტუდია ,,მონიტორი“ დიდხანს ცდილობდა, მიეღო პასუხი, თუ რატომ მოხდა ასეთი ცვლილება, თუმცა, მას ამის საშუალება არ მიეცა. თბილისის მერმა გიგი უგულავამ ერთ-ერთ კომენტარში განაცხადა, რომ ეს ზონა რეკრეაციულად რჩება, თუმცა აქ შეიძლება გაკეთდეს  სპორტულ-გამაჯანსაღებელი ნაგებობები. უგულავას კომენტარი დისონანსშია კანონმდებლობასთან, რომლის მიხედვითაც რეკრიაციული ზონა 2-ის სტატუსი ნებას აძლევს მესაკურეს, 70 პროცენტი ისეთი მშენებლობებისთვის აითვოს, როგორიცაა საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები, ბანკები და ასე შემდეგ.

საპროტესტო აქციები

როგორც ავღნიშნეთ სტატუსის  შეცვლას საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. 16 ოქტომბერს  ტყე-პარკში  აქცია ჩაატარა „ალიანსმა საქართველოსთვის“.  4 მაისს  იგივე ტერიტორიაზე, იგივე მოთხოვნით „თავისუფალი დემოკრატიის“ წარმომადგენლებიც შეიკრიბნენ.  2010 წლის 29 ივლისს კიდევ ერთი აქცია გამართა  თინა ხიდაშელმა და სოფიო ხორგუანმა. „რესპუბლიკელების“ განცხადებით: „თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დიღმის ტყე-პარკში საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ფართობის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია საკრებულოს 2009 წლის 11 სექტემბრის №10–24 გადაწყვეტილებასთან წინააღმდეგობაში მოდის. ინტერაქტიულ რუკაზე დიღმის ტყე-პარკში საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა დაახლოებით 8 ჰა ფართობზე არსებობს, ხოლო საკრებულოს გადაწყვეტილებით, ეს ზონა 1 ჰა-თი განისაზღვრა. მივმართავთ ქალაქ თბილისის მერიას, გამოაქვეყნოს ის სამართლებრივი აქტი, რომლითაც ეს ცვლილება განახორციელა, ასევე მოგვაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, როდის და რა სახის სამშენებლო სამუშაოები იგეგმება დიღმის ტყე-პარკის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ტერიტორიაზე".

იმავე წლის 23 სექტემბერს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოსა“ და კავკასიის გარემოსდაცვითი არსამთავრობო ორგანიზაციების   ქსელის  (CENN) დაფინანსებით კიდევ ერთი აქცია გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა ხუთი ორგანიზაციის მონაწილეობით: CENN, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სტუდია „მონიტორი“, ადამიანის უფლებათა ცენტრი, კავკასიური სახლი. აქციას ესწრებოდნენ სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლები.  „მონიტორი"-ს ფილმის ჩვენება აქციის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო.  ჟურნალისტურ  გამოძიებაში საუბარია, თუ როგორ დაკარგა ტყე-პარკმა თავისი ფუნქცია და სტატუსი სახელმწიფო გადაწყვეტილებების წყალობით.

„ჩვენი ფონდი გამოეხმაურა რამდენიმე აქტიური და სასიამოვნო ადამიანის, უპირველეს ყოვლისა - ანა გაბრიაძის, მასთან ერთად კი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივას. ესაა ახალი კამპანია დიღმის ტყე-პარკის გადასარჩენად. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯერჯერობით არსებობს უმნიშვნელოვანესი ტყე-პარკი არა მხოლოდ დიღის მოსახლეობისთვის, არამედ მთელი თბილისისთვის. აქ არაერთი უნიკალური მცენარეა, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი. ესაა არაჩვეულებრივად სასიამოვნო გარემო ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის, ასაკოვანი ადამიანებისთვის. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა ვცადოთ და არ დავუშვათ მისი დანაწევრება ცალკეულ საქმიან ზონებად თუ საცხოვრებელ ადგილებად. უნდა ვცადოთ და გადავარჩინოთ ის მაინც, რაც ამ ტყე-პარკისგან დარჩა“, - განაცხადა აქციის მონაწილე,  ფონდ  „ღია საზოგადოება -საქართველოს“  დირექტორმა ქეთევან ხუციშვილმა. 

2010 წლის  21 მაისს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელმა პროკურატურაშიც შეიტანა განცხადება, მაგრამ მას გამოხმაურება არ მოჰყოლია.

სასამართლოს ქრონიკები

2009 წლის 11 სექტემბრის დადგენილება ანა გაბრიაძემ და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ გასაჩივრდა საქალაქო სასამართლოში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით,  31 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა  სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსარჩელე მხარე  თბილისის საკრებულოს 2009 წლის  11 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვდა, რომლის მიხედვითაც  8 ჰექტარს სტატუსი შეეცვალა.

 

28 იანვრის სასამართლო განხილვაზე ანა გაბრიაძისა და CENN- ის ადვოკატმა ლალი პეტრიაშვილმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა. მათ შორის ერთ-ერთი სტუდია „მონიტორის“ მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების - დოკუმენტური ფილმის საქმეზე მტკიცებულების სახით დართვა იყო.

 

„მონიტორის“  ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ დიღმის ტყე-პარკის  8 ჰექტარი ტერიტორია მმართველი პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილ სახეებს აქვთ გადანაწილებული. 

 

მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტური გამოძიების მტკიცებულების სახით დართვა საჭიროდ არ მიიჩნია და ადვოკატის  შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

 

„1998 წელს დიღმის ტყეპარკი შპს „სანის“ საკუთრება გახდა, რითიც დაირღვა იმ დროს მოქმედი მუნიციპალიტეტის კომიტეტის 1995 წლის დადგენილება და 1997 წელს შემუშავებული გენ-გეგმა დიღმის ტყეპარკის მოწყობის შესახებ. 1999 წლიდან შპს „სანმა“ ნაწილ-ნაწილ დაიწყო ტყე-პარკის ტერიტორიის გაყიდვა. 2003 წელს ტყე-პარკში დაიწყო უნებართვო სამშენებლო სამუშაოები. მხოლოდ ამის შემდეგ დაფიქრდა ქალაქის თვითმმართველობა, თუ რა შეიძლება მოჰყოლოდა რეკრეაციულ ზონაში უკანონო მშენებლობებს. საკრებულომ მარტივი გამოსავალი იპოვა და დიღმის ტყე-პარკის 8 ჰექტარს რეკრეაციული სტატუსი საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსად შეუცვალა“, -განაცხადა მოსარჩელეთა ადვოკატმა ლალი პეტრიაშვილმა.

 

მოსარჩელე მხარის თქმით, კიდევ ერთი  მტკიცებულება, რის გამოც 2009 წლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ლეგიტიმური იქნებოდა, არის ის, რომ საკრებულომ ეს გადაწყვეტილება პროცედურული ნორმების დარღვევით მიიღო. კერძოდ, საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს საკრებულოს კომისიების დასკვნები. არადა, ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს. გარდა ორი კომისიის დასკვნისა, მოპასუხე მხარემ - თბილისის საკრებულომ პროცესზე ვერ წარმოადგინა დანარჩენი კომისიების დასკვნები. წესით კი, სულ ცოტა, 5 კომისიის დასკვნა მაინც უნდა არსებულიყო, ვიდრე საკრებულო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანდა და დიღმის ტყე-პარკ-ს ნაწილს სარეკრეაციო სტატუსს მოუხსნიდა. 

 

მოპასუხე მხარის განცხადებით, დანარჩენი დასკვნები არა წერილობი, არამედ ზეპირი სახით მომზადდა და სწორედ ამიტომ გახდა სასამართლოზე მათი წარმოდგენა შეუძლებელი. საკრებულოს წარმომადგენელმა პროცესზე განაცხადა, რომ ტყე-პარკში მიწები ახლანდელი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლამდე გაიყიდა.

 

„ტყე-პარკის ტერიტორიაზე ბევრი კერძო მესაკუთრეა. მერია და საკრებულო ცდილობდა, ტყე-პარკი კერძო მესაკუთრეებისგან ისე გამოეთავისუფლებინა, რომ მათი ინტერესები არ დარღვეულიყო და ტყე-პარკის ის ტერიტორია მაინც შეგვენარჩუნებინა, რაც გადარჩა. დიღმის ტყე-პარკს სტატუსი როცა შევუცვალეთ, ამით დავიცავით იქ მცხოვრები კერძო მესაკუთრეების ინტერსები“, - განაცხადა პროცესზე საკრებულოს წარმომადგენელმა. 

 

მოპასუხე მხარის თქმით, სტატუსის მოხსნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების აუცილებლობა არ არსებობს. მისი მტკიცებით, რეკრეაციული სტატუსის გაუქმება არ ნიშნავს, რომ  ტყე-პარკში არსებულ უნიკალურ ხეებსა და ნარგავებს რაიმე საფრთხე ემუქრება და გაიჩეხება. ამგავრი რამ თუკი მოხდა, ეს კანონით დასჯადი ქმედებაა.

 

მოპასუხე მხარემ პროცესზე სარჩელის დასაშვებობის საკითხის გადახედვაც მოითხოვა. „ადმინისტრაციული სარჩელი დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა ნორმატიული აქტი უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს. ამ კონკრეტულ სიტუაციაში რა ზიანი მიადგა მოსარჩელე ანა გაბრიაძესა და CENN- ს ვერ დავინახეთ“, - განაცხადა საკრებულოს წარმომადგენელმა.

 

ადვოკატმა ლალი პეტრიაშვილმა მას უპასუხა, რომ ადმინისტრაციული სარჩელის შეიძლება განიხილოს სასამართლომ, თუკი გასაჩივრებული ნორმატიული აქტი არღვევს არა მხოლოდ ერთი, არამედ  პირთა ფართო წრის ინტერესებს.

 

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ირღვევა პირთა ფართო წრის ინტერესები. უსაფრთხო და ეკოლოგიურად დაცულ გარემოში ცხოვრება ყველა პირის კონსტიტუციური უფლებაა. ასე რომ, ამ საქმეში, მოსარჩელე შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი პირი, ვინც ცხოვრობს თბილისში. ამასთანავე, უპირატესი ინტერესი გააჩნია მას, ვინც ცხოვრობს ტყე-პარკთან ახლოს. მოსარჩელე ანა გაბრიაძეც სწორედ ერთ-ერთი მათგანია. რაც შეეხება მეორე მოსარჩელეს - CENN-ს (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი), სახელწოდებიდანაც მიხვდებოდით, რომ გარემოსდაცვითი ორგანიზაციაა. შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის მიხევით CENN-ს შეუძლია, გარემოს დაცვის მიზნებიდან გამომდინარე, გაასაჩივროს ნებისმიერი ნორმატიული აქტი და ამით განახორციელოს ის მიზნები, რაც მას აქვს, მისივე წესდების შესაბამისად. რაც შეეხება საკითხს, რომ თითქოსდა იმ ნორმატიული აქტით, რასაც ვასაჩივრებთ, კონკრეტული ზიანი არ მიადგათ მოსარჩელეებს, საინტერესოა მოპასუხე მხარე ვის თვლის ამ საქმეში ისეთად, ვისაც შესაძლოა, მიღებული აქტის შედეგად უშუალო ზიანი მიდგომოდა?! ასეთები მხოლოდ ტყე-პარკში არსებული ხეები და ნარგავები თუ იქნებოდნენ და ბუნებრივია, ისინი საკრებულოს ვერ უჩივლებდნენ“, - განაცხადა მოსარჩელე მხარის ადვოკატმა ლალი პეტრიაშვილმა.

 

მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა რომ საჭიროა კიდევ დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა. ამიტომაც სასამართლო 31 იანვარს გადაიდო და სწორედ ამ დღეს მოსამართლემ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელეთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

 

მოგვიანებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა, რის შემდეგ საქმე უკვე  უზენაეს სასამართლოში გადავიდა.

 

ქონების გადანაწილება ტყე-პარკში

2007 წელს მიუხედავად იმისა, რომ ყიდვა–გაყიდვა დიღმის ტყე–პარკის ტერიტორიაზე აკრძალული იყო, შპს ,,მანდარინმა“ მოქალაქე ნოდარ კვანტალიანისგან 9 720კვ.მ ფართობი შეიძინა. ნოდარ კვანტალიანი შპს ,,საქართვლოს რკინიგზის“ მაღალჩინოსანი იყო, აკაკი ჩხაიძის დირექტორობის პერიოდში. ,,მანდარინმა“ ამ მიწაში 1 666 980 ლარი გადაიხადა. ,,მანდარინის“ ერთ–ერთი დამფუძლებელი კახაბერ ოქრიაშვილია ,,პსპ“–ს მფლობელი. ოქრიაშვილი ნაციონალების მაჟორიტარი დეპუტატია პარლამენტში. ასევე  ნაციონალების დეპუტატია ,,მანდარინის“ მეორე დამფუძნებელი კობა კურდღელაშვილი (სანოტარო აქტი 1-15, 2007წ).

თუმცა, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც დიღმის ტყე-პარკში ნაკვეთების მფლობელები ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. პარკში 9 045 კვ.მ-ის მფლობელი იყო  შპს ,,დტს“, რომლის  დამფუძლებელია ნაციონალი  დეპუტატი გიორგი გოგუაძე. 2009 წელს  მან ეს ტერიტორია თიბისი ბანკს მიყიდა.

2008 წლის 28 მარტს  დ.ჯ. „თრეიდმა“, რომელსაც კომპანია „ჩემექსიმ ინტერნეშენალის“  ვალი ჰქონდა ამ უკანასკნელს  ვალში დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიის ერთი ნაკვეთი გადასცა, რომლის მესაკუთრეც ადრე თავად იყო.  „ჩემექსიმ ინტერნეშენალი“   პარლამენტის წევრის დავით ბეჟუაშვილის პარტნიორია.  დიღმის ტყე-პარკში ჩატარებული აქციის შემდეგ აღნიშნული ტერიტორია ისევ სახელმწიფოს კუთვნილებაში გადავიდა.

გარდა ამისა, 2009 წლის 2 თებერვალს პროექტის „რაც შენია შენიას“ ფარგლებში მერიამ საკუთრებაში დაუკანონა ბინები იმ პირებს, რომლებიც ტყე–პარკში აშენებულ  დაუმთავრებელ კორპუსში თვითნებურად იყვნენ შესახლებულები. მათ საკუთრებაში გადავიდა ტყე-პერკის მიწის ნაწილიც.  მიუხედავად იმისა, რომ კანონში ნათლად იყო ნათქვამი, რომ  ქონების დაკანონება პარკებსა და რეკრეაციულ ზონებში არ შეიძლება.

დღეის მდგომარეობით აღნიშნული 75 ჰექტარიდან დიღმის ტყე-პარკიდან გადარჩენილია მხოლოდ 20,5 ჰექტარი, აქედან 8-შეცვლილი სტატუსით.

 

 

 

 




gamokitxva