Safe Space Tbilisi

პარტნიორები


სა/ხეები, ალეკო ცქიტიშვილი, ჟურნალი: ,,სახელები“ ბეჭდვა ელფოსტა

 სა/ხეები

ალეკო ცქიტიშვილი, ჟურნალი: ,,სახელები“

ცოტათი გიჟი უნდა იყო, ახლანდელ საქართველოში ხეებზე ისე ილაპარაკო, როგორც ცოცხალ ადამიანებზე. გიჟი მაინც სხვა სიტყვაა, უფრო სწორია - შერეკილი. თუ თქვენ იცნობთ „შერეკილების“ ავტორის, რეზო გაბრიაძის შვილს, ანა გაბრიაძეს, უკვე გცოდნიათ, როგორები არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოში ხეებზე ასე ლაპარაკობენ. ანას ნამდვილი ომი აქვს გაჩაღებული ბოროტებასთან, რომელიც უკვე პერსონიფიცირებულიც აღარ არის. ის რაღაც აბსტრაქტული ერთარსებაა, რომელიც ერთიანად მოიცავს უსახო პირთა მთელ წყებას - ჰალსტუხიანებს და ტყაპუჭიანებს, დიპლომიანებს და უდიპლომოებს, ასაკოვანებს და უასაკოებს - ყველას, ვინც ისე ჩეხავს, რომ შუბლის ძარღვიც არ უტოკდება.

და მაინც, მე ვამბობ, რომ ისინი ჩვენი თანამოქალაქეები არიან - მხცოვანებიც და ნორჩებიც! მინდა, მათ ჭრილობებზე გიამბოთ, მათ ტკივილზე. ბევრჯერ მისაუბრია მათთან, მოვფერებივარ, მოწიწებით შევხებივარ. ჩივიან, რომ ბევრს არ ესმის მათი. ბევრს ჰგონია, რომ ისინი უსულოდ დგანან და ვერ ამჩნევენ გარშემო გამეფებულ სისასტიკეს, ზოგჯერ ნამდვილ მხეცობაში რომ გადაიზრდება ხოლმე.

თუმცა, მხეცებმა რა დააშავეს?!  მხეცებიც კი ვერ ჩაიდენენ იმ სიავეს, რაც ჩვენს ძვირფას ხეებს დაატყდათ თავს ბოლო ოცწლეულის განმავლობაში. არც მანამდე აკლებდნენ ხელს, მაგრამ ამ არეულ-დარეულ წლებში მათ განსაკუთრებული ავგულობით ჩეხავდნენ, ძირფესვიანად თხრიდნენ, ტრაქტორებით უვლიდნენ, წვავდნენ.

გინახავთ რუსთაველის გამზირზე თბილისის სამოქალაქო ომის დროს გვერდდამწვარი ჭადრები და ცხენისწაბლები? ისინი გადარჩნენ, მაგრამ დარჩათ ნატყვიარები, როგორც - ქაშვეთს, ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ძეგლს, გიმნაზიას... ერთ ჭადარს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესა და პარლამენტს შორის რომ დგას, აუფეთქებელი ჭურვი აქვს სხეულში ჩარჩენილი. ამის შესახებ წლების წინ „კვირის პალიტრის“ სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი წერდა. მას შემდეგ ჭურვი კიდევ უფრო შეეზარდა ჭადარს. მალე ხე მთლიანად შეისრუტავს მას და გააქრობს, როგორც კაენის ცოდვის სამარცხვინო ნივთმტკიცებას. მაგრამ დადგება დრო, როცა ხეს რომელიმე უსახო ჩინოვნიკის ბრძანებით დაუნანებლად მოჭრიან, დახერხავენ და... არავინ იცის, როდის, სად აფეთქდება თბილისის ომის დროს გასროლილი ჭურვი. იქნებ - საწყალი დევნილის ღუმელში, რომელსაც რომელიღაც არჩევნების წინ რუსთაველზე მოჭრილი ჭადრის შეშას უწყალობებენ.

ასე მგონია, მწვანე ნარგავებს არსად არ ექცევიან ისე სასტიკად, როგორც საქართველოში. რუსთაველის გამზირის ჭადრებზე შემოხვეული საახალწლო თუ სარეკლამო ნათურები ჩვენი დაბალი კულტურის ნიშანია. უფრო გულსაკლავი სანახავია გამზირის ერთი ნაპირიდან მეორეზე, ჭადრიდან ჭადარზე თოკით გაჭიმული საკონცერტო თუ თეატრალური აფიშები, სოციალურ-პოლიტიკური ანონსები. ამ აფიშებს და ანონსებს მერე პირდაპირ ჩამოჭრიან ხოლმე და ხეებზე წლების განმავლობაში ჰკიდია თოკის ჭუჭყიანი ნაგლეჯები. რამდენიმე წლის წინ რუსთაველის ჭადრებს პირდაპირ სქელი ელექტროკაბელი მიაკრეს ლითონის ლენტებით. მერე ეს კაბელი ჩამოხსნეს, ლითონის ლენტები კი დარჩა, ქერქში შეიჭრა და ახლა ხეებს ნელ-ნელა ახმობს.

ასეთი ნელი სიკვდილით კვდებიან ხეები თბილისში. ტროტუარებზე, სკვერებსა თუ ეზოებში ხშირად ნახავთ მავთულშემოხვეულ, გვერდებჩამოჩეხილ, კანგაცლილ ხეებს, რომლებიც სიცოცხლის ბოლო დღეებს ითვლიან. საერთოდ, შემოხვეული მავთული დროთა განმავლობაში ხის კანში იჭრება, რის შემდეგაც მცენარეს ფესვებიდან წყლის მიწოდება უწყდება და ხმება. ეს ბევრმა არ იცის, რადგან ასეთი ელემენტარული საკითხები ქართულ სკოლებში არ ისწავლება. ბავშვებს მხოლოდ ლექსების  დაზეპირებას ვაიძულებთ:

„ქორწინების წინ ხე დარგე,

შვილი გეყოლა, ხე დარგე.

ხე დარგე, როცა მოიწყენ,

როცა მოილხენ, ხე დარგე...“

ასეთი ლექსების დაზეპირებას რა უნდა?! რეალურად კი, ათიდან ერთი მასწავლებელი თუ ასწავლის ბავშვებს ხის დარგვას და მოვლას. თვითონვე გაიხსენეთ - თქვენ შვილს მასწავლებელთან ერთად ხე თუ დაურგავს, თუნდაც - სკოლის ეზოში.

9 აპრილის (ალექსანდროვის) ბაღის კეთილმოწყობისას ულამაზეს ასწლოვან კვიპაროსს ტრაქტორმა კანი ისე შემოაგლიჯა, მისი გადარჩენა ახლა სათუოა. მეტროსადგურ „ვაგზლის მოედნიდან“ ნაძალადევში თუ ამოხვალთ, პირდაპირ დაინახავთ ასაკოვანი კვიპაროსების ხეივანს. პირველივე კვიპაროსს შემოხვეული მავთული ახრჩობს. რამდენჯერმე ვიფიქრე, კიბეს მივადგამ და შემოვაცლი-მეთქი, მაგრამ სამწუხაროდ, უკვე გვიანია. მავთული ხის ქერქში ისე ღრმადაა ჩამჯდარი, მისი შემოცლისას ხე უფრო მეტად დაზიანდება. ეს მავთული სასიკვდილო განაჩენია კვიპაროსისთვის, რომელსაც მთელი მე-20 საუკუნე ახსოვს.

ზუსტად ამ კვიპაროსიდან 20 მეტრში დგას უზარმაზარი მუხა. მის ძირთან წლების განმავლობაში ნაგავს ყრიდნენ და წვავდნენ. ამ მხარეს ბერმუხას ცეცხლისგან ქერქი აქვს დამწვარი. ქალაქიდან ნაგვის გატანის პრობლემა სანამ მოგვარდებოდა, ხმელი ფოთლებისა თუ საყოფაცხოვრებო ნარჩენების ხის ძირებთან მიხვეტა და დაწვა თბილისელი მეეზოვეების მუშაობის ყველაზე ნაცადი მეთოდი იყო. გემახსოვრებათ ის წლები, დილაობით ქალაქს დამწვარი ფოთლების მყრალი კვამლი რომ ასდიოდა და სუნთქვა ჭირდა. დღეს ტროტუარების გასწვრივ მრავლად ნახავთ ხეებს, რომლებსაც ფესვებთან ქერქი შემოცლილი და გამურული აქვთ. ეს სწორედ იმ უკულტურო და ველური წლების ცეცხლოვანი დაღია.    

ასეთებს კიდევ გაუმართლათ. იმ წლებში, როცა თბილისს ელექტროენერგია და გაზი თვეობით არ ჰქონდა, შემცივნულმა ხალხმა მრავალსართულიან ბინებშიც შეშის ღუმელები დადგა. ამიტომაც 90-იანი წლების ქალაქის პეიზაჟში დომინირებდა: ფანჯრებიდან გამოყოფილი კვამლიანი მილები, ჰაერში მოფარფატე ჭვარტლის ფანტელები, ქალაქის სკვერებსა და პარკებში ნაჯახებით, ხერხებით მოსიარულე ადამიანები, რომლებიც ცოტა ხნის შემდეგ მხარზე გადებულ გრძელ ტოტებს შინ მიათრევდნენ. ზოგჯერ დიდ ხესაც წამოაქცევდნენ და ინაწილებდნენ, როგორც მეომრები ნადავლს. საყვედური რომ გეთქვა, აგრესიულად შემოგიღრენდნენ: „ბავშვი სიცივით მიკვდება და შენ ხეს ჯავრობ?!“

მერე წვრილმა ბიზნესმა შეუტია ხეებს. აგლაძის (ელიავას) ქუჩაზე ნახავთ მაზუთიან, ჭუჭყიან ე. წ. ავტოსერვისებს, რომელთა მეპატრონეები ტროტუარების გასწვრივ დარგულ ჭადრის ხეებს ყოველგვარ ესთეტიკას მოკლებულ სარეკლამო ფანერებს ან ლითონის ფირფიტებს აჭედებენ: „ზეთის გამოცვლა... ვულკანიზაცია... ბალანსირება... რაზვალი... ჟეშტიანშიკი...“

ვინმეს როდესმე გაუჩნდა ამ უკულტურობისადმი პროტესტი?!

მშრალ ხიდთან ახლაც გრძელდება 90-იანი წლების ტრადიცია - ხეებზე ჭიკარტებით განცხადებების მიკვრა: „ვყიდი...“ „ვაქირავებ...“ „ვაგირავებ...“ 9 აპრილის ბაღში შადრევანის აუზთან ორი დიდი ჭადარი დგას. მათ ქერქზეც  წვრილ-წვრილ ნაკაწრებს შენიშნავთ - მსგავსი განცხადებების კვალს. ქუჩის მაკლერების ბირჟა ადრე აქ იყო. ამ აუზს, ბუმბერაზ ჭადარს და იქვე ძელსკამზე მსხდარ პენსიონერებს სახალხო მხატვრის, დიმიტრი ერისთავის ერთ-ერთ გრაფიკულ ნახატზეც აღმოაჩენთ. ეს სიუჟეტი მაკლერების შემოსევამდეა დახატული. მხატვარმა შესანიშნავად გადმოსცა მხცოვანი ადამიანებისა და ასაკოვანი ხის მეგობრული იდილია, რომელიც ახლა აღარ არსებობს.

ასეთი წყვილი ჭადარი მუშტაიდის ბაღშიცაა. კიდევ კარგი, მათ ჯერ არაფერი აწუხებთ. მშვიდად დგანან და გალაკტიონის ერთ ნოსტალგიურ ლექსს გვახსენებენ:

„ორო ჭადარო, წყვილო ჭადარო,
შემოხვეულნო შუქთა ბადრებით, -
ო, მე არ ვიცი, რას შეგადაროთ,
ან უცხოეთში რად მენატრებით?“

            ჭადრებისა და თბილისის თემა ამოუწურავია. თბილისზე შექმნილ მრავალ ლექსსა თუ სიმღერაში შეგხვდებათ ჭადარი. ერთი მხრივ, ეს არცაა გასაკვირი, რადგან კომუნისტური ეპოქის გამწვანების სპეციალისტები ყველგან ჭადარს რგავდნენ. არ ითვალისწინებდნენ, რა მოხდებოდა 50-100 წლის შემდეგ, როცა შენობებიდან ორ-სამ მეტრში დარგული ხეები თითქმის მთელ ტროტუარს დაიკავებდნენ და მძლავრი ფესვებით მიწისქვეშა კომუნიკაციებს შეუტევდნენ. არა მარტო თბილისის, არამედ საქართველოს ნებისმიერი ქალაქის გამწვანებაში ჭადარი იყო ლამის ერთადერთი ხე, რომელსაც ზედმეტად არათანაბარი უპირატესობა ენიჭებოდა სხვა სახეობებთან შედარებით (ცაცხვი, კაკალი, თელა, ნეკერჩხალი და ა.შ.). ყოველთვის მიკვირდა, რით იყო ნაკარნახევი ეს ერთფეროვნება. ალბათ, ეს იყო უაზრო კომუნისტური, ცენტრალიზებული მმართველობის შედეგი, ისევე, როგორც ერთნაირი „ხრუშოვკები“, ან მოსკოვის, ლენინგრადისა და ლვოვის „პროექტები“ საბჭოთა არქიტექტურაში. გასცემდა ბრძანებას კომპარტიის ცეკას მდივანი - „დარგეთ ჭადარი!“ დარგავდნენ ჭადარს. ბრძანებდა - „დარგეთ კაკალი!“ დარგავდნენ კაკალს. სხვათაშორის, 70-იანი წლებიდან გზისპირების ქარსაცავ ზოლებში ალვები ბევრგან კაკლებმა ჩაანაცვლა. ზეპირი გადმოცემის თანახმად, ეს თვით საქართველოს ცეკას  პირველმა მდივანმა, ედუარდ შევარდნაძემ ბრძანა.

            საინტერესოა კიდევ ერთი ზეპირი გადმოცემა: შევარდნაძე უკვე დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტია და სამსახურებრივი მანქანით რუსთაველის გამზირზე გადაადგილდება. ფოსტის შენობის წინ გვერდით მჯდომ თბილისის მერს, ბადრი შოშიტაიშვილს ეკითხება: „აქ რომ ჭადარი იყო, სად წავიდა?“ არ ვიცი, ასეთ მოულოდნელ კითხვას რა უპასუხა შოშიტაიშვილმა, მაგრამ მისი მონდომებით რამდენიმე დღეში იმ ადგილას ზრდასრული ჭადარი დარგეს. ძალიან კი იწვალეს! ჯერ იყო და მთელი თბილისი მოიარეს, რომ ლამაზი ეგზემპლარი შეერჩიათ, მერე ძალიან ფრთხილად მოთხარეს და დარგეს (გაითვალისწინეთ - მაშინ თბილისის მერიას ზრდასრული ხეების ამოსათხრელი და გადასატანი სპეც-ტექნიკა არ ჰქონდა). ჭადარი ახალ ნიადაგს ძლივს შეეგუა. ამასობაში წლები გავიდა, ბადრი შოშიტაიშვილი გარდაიცვალა, შევარდნაძე დაუმსახურებელ პენსიაზე გაუშვეს, რუსთაველის გამზირზე კი ახლა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოიარა და შევარდნაძისთვის ესოდენ ძვირფასი ჭადრის სხვაგან გადატანის ბრძანება გასცა - ამის სანაცვლოდ „რამე უკეთესი“ დარგეთო. ჭადარი უგულისყუროდ ამოთხარეს და ძალიან დაზიანებული მერქნით დიღმის ტყე-პარკში გადაიტანეს. ახლა მისი გადარჩენის შანსი დაახლოებით 1-2 პროცენტია, მიუხედავად იმისა, რომ დიღმის ტყე-პარკის დიასახლისი, ანა გაბრიაძე ორი წელია, სასიკვდილო ჭრილობებზე ტალახის მალამოებს უსვამს და იმედი აქვს, გამოაცოცხლებს. არ იკითხავთ, რუსთაველზე „უკეთესი“ რა დარგეს? ესაა იმპორტირებული ზეთისხილის ხე, რომლის შეკვეთა, ჩამოტანა, დარგვა და მოვლა ათიათასობით დოლარი დაჯდა. თუმცა, თვალს კი ახარებს - თუ გაიხარა, მართლა ძალიან ლამაზი იქნება.

კარგი იქნებოდა, ძველი ხეების ახლით ჩანაცვლების პროცესში საზოგადოება აქტიურად მონაწილეობდეს. ერთი მხრივ, ჩანს, რომ გამწვანების სამსახური წლიდან წლამდე გვარიან თანხას ხარჯავს ძველი ხეების, განსაკუთრებით - ჭადრების ამოძირკვაში და იმპორტირებული ახალი ხეების დარგვა-გახარებაში. ახალი ნარგავები, როგორც წესი, ორ-სამ წელიწადში ხმება, რადგან სრულიად სხვა ნიადაგზე და კლიმატურ პირობებში არიან გამოყვანილნი. ამის მიუხედავად, ყოველწლიურად ჯიუტად გრძელდება უცხოეთიდან ხეების ჩამოტანა, დარგვა... და გახმობა. მეორე მხრივ, ბევრ ქუჩაზე, სადაც ვიწრო ტროტუარებია, ჭადრები მართლაც პრობლემებს უქმნის ქალაქს. საბჭოური გამწვანების არასწორი პოლიტიკის შედეგებმა ათწლეულების შემდეგ იჩინა თავი.

 2010 წელს აღმაშენებლის გამზირზე პირწმინდად, ძირფესვიანად ამოთხარეს 50-60 წლის ჭადრები, რომელთა უმეტესობა თითქმის მთელ ტროტუარს იკავებდა. ქალაქის ამ ყველაზე ჩავარდნილ და უჰაერო ადგილს ზაფხულის ხვატში ჭადრები ძალიან სჭირდება. ცნობილია, რომ ჭადარი არა მარტო ჟანგბადს აწვდის გარემოს, არამედ მისი ფოთლების ფორები დიდი რაოდენობით მტვერს იჭერს. ძნელი წარმოსადგენია, როგორ ისუნთქებს „პლეხანოვი“ ჭადრების გარეშე. თუმცა, ამაზე ლაპარაკი ახლა უკვე დაგვიანებულია - თბილისის მერიამ არჩევანი საზოგადოების უკითხავად გააკეთა.

საზოგადოების დიდმა ნაწილმა მტკივნეულად განიცადა რუსთაველის გამზირის ერთ ნაწილზე ჭადრების ამოძირკვა. თუმცა, დემონსტრაციები არავის გაუმართავს. ეს იმიტომ, რომ კარგა ხანია, ჭადარს სახელი გაუტეხეს არაპროფესიონალმა, არამკითხე ადამიანებმა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ იგი ალერგიულია და სხვა ხეებით უნდა ჩანაცვლდეს. ჭადრის ნაყოფის ბუსუსები გაზაფხულის გარკვეულ პერიოდში გარკვეულ ზემოქმედებას მართლაც ახდენს ალერგიული მიდრეკილების მქონე ადამიანებზე. ამ მხრივ, არანაკლებ ალერგიულია ფიჭვი, ალვა, ვერხვი... გამოდის, ყველა ამ სახეობას უნდა ვებრძოლოთ. სინამდვილეში, როგორც სპეციალისტები ამბობენ, თუკი ჭადარს მოვუვლით და ხშირად გადავბელავთ, ეს პრობლემა არც იარსებებს. ასეთ შემთხვევაში, იგი ნაყოფს ინტენსიურად აღარ იკეთებს. ხოლო ასაკში როცა შედის, ნაყოფი აღარც აქვს და ამით ალერგიული ადამიანების პრობლემა მთლიანად იხსნება.  საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ჭადრებს თბილისში ყოველ ორ-სამ წელიწადში გადაბელავდნენ ხოლმე. ბოლო ოცწლეულში კი, როცა გამწვანებისა და კეთილმოწყობის სამსახურისთვის გამოყოფილი დაფინანსება კორუმპირებული ჩინოვნიკების ოჯახებს კვებავდა, ხეების გადაბელვა ვიღას ახსოვდა?!

„პლეხანოვზე“ ჭადრების ძირფესვიანად ამოთხრის ამბავი რომ გავიგე, აღმაშენებლის ქ#115-ის ეზოში მაშინვე მოვინახულე ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ჭადარი. ეს ხე პირველად ათი წლის წინ ვნახე და მისმა სიდიადემ მაშინვე მომაჯადოვა. მერე არნოლდ გეგეჭკორის წიგნში - „დედაბუნება“ ამოვიკითხე, რომ ამ ხის ასაკი 500 წელს ითვლის. არადა, ამის შესახებ არავინ არაფერი იცის, მაშინ როცა მსგავს ეგზეპლარებს, როგორც ბუნების ძეგლებს, დაცვაც სჭირდება და პოპულარიზაციაც. ტურისტულ სააგენტოებს თამამად შეუძლიათ, ხუთასწლოვანი ჭადარი მარშრუტებში შეიტანონ, ტურისტებს აჩვენონ და ამით შემოსავალი მიიღონ. 

ბარემ, აქვე გავახმოვანებ იდეას, რომელიც რამდენიმე წელია, მაწუხებს: რატომ არ შეიძლება შეიქმნას მუნიციპალური მნიშვნელობის წითელი ნუსხა?! თუკი ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების კლასიფიკაციაში არსებობს ეროვნული და მუნიციპალური დაცვის ობიექტები, რატომ არ შეიძლება მსგავსი დიფერენცირებით დავიცვათ ბუნების ძეგლები, რომლებიც არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში მრავლად არის მიმოფანტული?! მე ვფიქრობ, ეს კარგი გამოსავალი იქნებოდა როგორც ასაკოვანი, ისე ლამაზი ფორმების მქონე ზოგიერთი ახალგაზრდა მცენარეების დასაცავად. ასეთი ნუსხა წლების წინ რომ შეექმნათ, ჩვენი ქალაქები ახლა ბევრად უფრო ლამაზი იქნებოდა.

თბილისში ასეულობით ხე შეიწირა ქაოტური მშენებლობების ბუმმა. რამდენიმე ადგილას გაიჩეხა მტკვრის ჭალის უკანასკნელი ნარჩენები, სადაც ადგილები რესტორნებისთვის გაიყიდა. ისეთი შემთხვევებიც მინახავს, როცა რესტორნისთვის კარგ ფიჭვნარს ან კვიპაროსებიან სკვერს შეარჩევდნენ, მერე ამ ხეების დიდ ნაწილს ძირში ჭრიდნენ, ხოლო აშენებულ რესტორანს ურცხვად „ფიჭვებს“ ან „ნაძვებს“ არქმევდნენ. ერთ-ერთ ყველაზე თავხედურ უკანონო მშენებლობას  მუშტაიდის ბაღის ტერიტორიაზე ორასწლოვანი ძელქვები შეეწირა. აქ თითქოსდა სასტუმრო უნდა აშენებულიყო, მაგრამ ბოლოს დაუმთავრებელ შენობაში დევნილები დასახლდნენ. ამასობაში აქ, სულ ცოტა, სამი დიდი ძელქვა მოჭრეს.

არ ვიცი, სხვა ქვეყანაშიც ასე უმოწყალონი არიან თუ არა დეველოპერები. თბილისში კი ახალი კომერციული ფართების, ოფისებისა თუ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისას სამშენებლო მოედანთან ახლოს ხეებს ისე ჩეხავდნენ, თითქოს დაუძინებელ მტერს ებრძვიანო. ასე შეეწირა წერეთლის გამზირზე „ელიტ-ელექტრონიქსის“ ახალ ოფისს ცაცხვები, იქვე სავაჭრო ცენტრ „პანდას“ - ულამაზესი ვერხვი, ვაკეში „პიქსელ 34-ს“ - ახალგაზრდა, ლამაზი მუხები, რუსთაველზე „ცისფერი გალერეის“ გაფართოებას - ასწლოვანი ნეკერჩხალი... უსასრულოდ შემიძლია გავაგრძელო განადგურებული ხეების ეს ნეკროლოგი.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხეების ადგილი მიწაზე აღარაა. ეს, სხვათაშორის, თანამედროვე არქიტექტურაზეც აისახა. აბა, ნახეთ „არსის“ მიერ დაპროექტებული და უკვე განხორციელებული „ქარვასლა“ ნაძალადევში. კვიპაროსებმა მიწიდან შენობის ფასადზე გადაინაცვლა. შეიძლება ვიღაცამ ასეთ გადაწყვეტას „მწვანე არქიტექტურა“ უწოდოს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ეს ხეები  „ქარვასლის“ ფასადზე ჩამოხრჩობილ ადამიანებს მაგონებენ.

ყველა წიწვოვანი ხე რომ ნაძვი ჰგონიათ, ეს ცალკე პრობლემაა და ესეც გაუნათლებლობას უკავშირდება, სკოლებიდან რომ მოგვყვება. კედარი, ფიჭვი, სოჭი, უთხოვარი და სხვა მარადმწვანე წიწვოვანი ხეები ბევრ ჩვენ თანამოქალაქეს ნაძვი ჰგონია. არადა, ნაძვი თბილისურ გვალვას ვერ ეგუება, ისევე, როგორც სოჭი. საახალწლო ნაძვისხეებისათვის ყველაზე შესაფერის ამ სახეობებს თბილისში ძალიან იშვიათად ნახავთ. ყველაზე დიდი სოჭი, რაც მახსენდება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის უკანა შესასვლელთან დგას. იგი უკვე უნივერსიტეტზე მაღალია და მუნიციპალური წითელი ნუსხა რომ არსებობდეს, უყოყმანოდ შევიტანდი.

ამ ნუსხაში აუცილებლად აღმოჩნდებოდა სახალხო დამცველის ოფისის წინ დარგული ასწლოვანი უთხოვარიც, რომელიც, ალბათ, თრთოლვით იხსენებს ამ შენობის ოდინდელი ბატონ-პატრონის, სტალინური რეპრესიების მეთაურის, ლავრენტი ბერიას პენსნეში ჩაყინულ მზერას. ამ შენობის შესასვლელთან აქეთ-იქით ორი უთხოვარია, მაგრამ მე მხოლობით რიცხვში იმიტომ ვწერ, რომ ერთ-ერთს ახლა აღარაფერი ეშველება. იგი ხმება, რადგან რომელიღაც ზედმეტად ჭკვიანმა მებაღემ უადგილო ადგილას გადაჭრა და იმის შემდეგ, უკვე რამდენიმე წელია, სულს ღაფავს. ბერიას დრო რომ იყოს, დაუდევარ მებაღეს კარგი დღე არ დაადგებოდა, მაგრამ ასეთ „შეცდომებისთვის“ ვინღა ისჯება?! ბერიას რეზიდენციაში ახლა ომბუდსმენი ზის. მრჩება იმედი, რომ ამ უნიკალურ უთხოვარს სახალხო დამცველი მაინც დაიცავს.

ძალიან გამაოცა დიღმის ტყე-პარკში შემორჩენილმა იშვიათმა სახეობებმა, რომელთა შორის, ჩემი აზრით, ყველაზე ლამაზია ორასწლოვანი ბიჭვინთის ფიჭვი - საქართველოს ერთ-ერთი ენდემი. საიდან მოხვდა დიღომში, ძნელი სათქმელია. ორასი წლის წინ  აქ სავარაუდოდ მტკვრის ჭალის ტყე იყო. ანა გაბრიაძე მიხსნის, რომ იმ ტყიდან ახლა ძირითადად მუხები და ეს ბიჭვინთის ფიჭვია შემორჩენილი. სხვა სახეობები ტყე-პარკის დაარსების შემდეგ დაირგო. ტყე-პარკს ახლა ძალიან უჭირს - შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში იგი თბილისის მერიის კორუმპირებულმა ჩინოვნიკებმა ნაკვეთ-ნაკვეთ გაყიდეს. თუმცა, ტყე-პარკს შვება არც სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში უგვრძნია, მიუხედავად იმისა, რომ მიშამ საპრეზიდენტო კამპანიის ნაწილი სწორედ ამ ტყე-პარკის გადარჩენას მიუძღვნა. ეს ძალიან ვრცელი ისტორიაა, რაზეც შთამბეჭდავი ფილმი გადაიღო სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტმა, ნანა ბიგანიშვილმა, ნიშანდობლივი სათაურით - „მიშა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ“. გირჩევთ, ნახოთ ეს ფილმი.

სტუდენტობიდან ორი უზარმაზარი კედარი მახსოვს თსუ-ს პირველი კორპუსის წინ. აქედან ერთი მოულოდნელად წაიქცა, მეორე კი (თსუ-ს ყველა რექტორისა და სახელოვანი პროფესორის მომსწრე) კვლავ ამაყად დგას. მიუხედავად იმისა, რომ ეს კედარი ძალიან დიდია, ას წელზე მეტის ხნის მაინც ვერ იქნება. ალბათ, ნანახი გექნებათ ახალაშენებული უნივერსიტეტის ფოტო, სადაც ჩანს, რომ იმ დროს იქ ერთი ხეც კი არ ხარობდა. უნივერსიტეტის ბაღი შემდეგ გაშენდა და ახლა აქ რამდენიმე იშვიათ სახეობას ნახავთ. მათ შორის განსაკუთრებით ლამაზია ძელქვა, ივანე ჯავახიშვილის ძეგლს რომ ჩრდილავს. თამაზ ჭილაძის ერთ კარგ ლექსში, რომელიც სწორედ ივანე ჯავახიშვილის ძეგლს ეძღვნება, ჭადარია ნახსენები, სინამდვილეში ეს ძელქვაა - საქართველოს საამაყო ენდემი.

            რაკი ძელქვებზე ვსაუბრობთ, ბარემ ოციოდე წლის წინ დიდ დიღომში დარგულ ძელქვასაც გაგაცნობთ. მაშინ ეს უბანი ახალი აშენებული იყო და ქუჩებს სახელები ჯერ კიდევ არ ერქვა. ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა მოითხოვეს, ამ ქუჩებისთვის ისეთი ისტორიული პიროვნებების სახელები დაერქმიათ, რომლებსაც კომუნისტურ პერიოდში არ სწყალობდნენ. ძირითადად, ესენი იყვნენ მეფეები, რომელთა სახელობის ქუჩები კომუნისტურ ეპოქაში არ არსებობდა. სიმართლე ითქვას, დიდი დიღომისთვის - ამ მეტისმეტად თანამედროვე უბნისთვის ერთბაშად რამდენიმე მეფის სახელობის ქუჩა ძალიან კურიოზულია, მაგრამ ისტორიას ვეღარ შევცვლით. სწორედ ამ ისტორიას გვახსენებს ფარნავაზის გამზირის დასაწყისში დარგული ძელქვა, რომლის ძირშიც თლილ ქვაზე წარწერა გვამცნობს - ამა და ამ წელს დაირგო ამ ქუჩისთვის ფარნავაზის გამზირის სახელის დარქმევის აღსანიშნავადო. კიდევ კარგი, ეს ძელქვა დეველოპერებისთვის ნაკლებად საინტერესო ადგილას დარგეს, თორემ დიდ დიღომში კიდევ ბევრი კორპუსია ასაშენებელი, შესამაბისად - კიდევ ბევრი ხე მოიჭრება, მათი ისტორიული თუ ბოტანიკური ღირებულების განურჩევლად.

სამწუხაროდ, ეს მარტო დიდი დიღმის პრობლემა არ არის. მთელ თბილისში, მთელ საქართველოში ასეთი უსულგულო დამოკიდებულებაა გამეფებული ხეებისადმი, რომლებიც მაცოცხლებელი ჟანგბადით გვკვებავენ. ამ წერილით მათი ტკივილი და სათქმელი მინდოდა გადმომეცა, მათი იარები მეჩვენებინა თქვენთვის. ვიცი, ადამიანებს შორის ბუნებას უფრო მეტი მტერი ჰყავს, ვიდრე ქომაგი. ამ წერილით თუ ქომაგთა რიცხვი გავზარდე, ბედნიერი ვიქნები.

ხეები ჩვენი თანამოქალაქენი არიან - ახალგაზრდებიც და ნორჩებიც. თანაც, ხშირად ჩვენც გვაქვს ტკივილები და სათქმელი, რომელსაც ზოგჯერ ადამიანს ვერ ვუზიარებთ და დასახმარებლად ხეს მივმართავთ! აი, ასე:

 

მიმართვა ხისადმი

 

ტერენტი გრანელი

 

ძვირფასო ხეო, შენ მიგეყრდნობი,

ძვირფასო ხეო, რამე მირჩიე,

მე გეუბნები მწუხარე გრძნობით,

ეს ტკივილები შენ მომირჩინე.

 

ძვირფასო ხეო, მე შენ მოგმართავ,
მიიღე ჩემი გრძნობა სათუთი.
ვამბობ ტირილით და ვამბობ მართლა:
მე ვერ გამიგეს და შენც დადუმდი.

ძვირფასო ხეო, არა მყავს დედა,
ჩემს ყურადღებას ახლა შენ იპყრობ;
და შეიძლება ეს ჩემი სევდა,
ო, შენთვის უფრო ძვირფასი იყოს.

მე ისევ შენთან ვსაუბრობ მარტო
და მეც შენსავით ქარი მაწუხებს.
ძვირფასო ხეო, მე რას მივმართო,
ამაზე მაინც შენ მიპასუხე!