„ბოტანიკური ბაღიდან შეუძლებელია, ადამიანი არ გავიდეს დადებითი ემოციებით დამუხტული“ ბეჭდვა

 კახა ცხვედაძე
     თბილისის ბოტანიკურ ბაღს 375 წლის ისტორია აქვს. ისტორიიდან ცნობილია, რომ აღა-მაჰმად-ხანის მიერ 1795 წელს, თბილისის გადაწვის დროს, ბაღი თითქმის მთლიანად განადგურდა. 1856 წელს კავკასიის მეფისნაცვლის, ბარიატინსკის  ბრძანებით, იგი მოქალაქეთა დასასვენებელ და სასეირნო ბაღად გადააქციეს. 1860 წელს  კი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, კარლ ბერის შუამდგომლობით ბაღს კვლავ დაუბრუნდა ბოტანიკური ბაღის სტატუსი.

 

   დღესდღეობით, თბილისის ბოტანიკური ბაღი ერთადერთი ადგილია თბილისში, სადაც სრულადაა შენარჩუნებული ფლორა, უნიკალური მცენარეები, ჯანსაღი ჰაერი, ბუნება და მშვიდი გარემო, რასაც ხელი ჯერჯერობით ვერაფერმა შეუშალა. ბაღმა გაუძლო მრავალ მძიმე წუთს 375 წლის განმავლობაში და დღეს კვლავ უნიკალურ რეკრეაციულ სამეცნიერო-დასასვენებელ ადგილად გვევლინება.

     ჩვენ ბოტანიკური ბაღის დირექტორს, ქალბატონ მაია თავართქილაძეს ბაღის ისტორიაზე, ფლორაზე და დღევანდელ ვითარებაზე ვესაუბრეთ:

 

  • ქალბატონო მაია, როდის დაარსდა ბოტანიკური ბაღი?

-                     თბილისის ბოტანიკური ბაღის ისტორია 375 წელს ითვლის.  ბოტანიკური ბაღი ყველაზე ძველი სამეცნიერო დაწესებულებაა. დღესდღეობით, ეს არის 98 ჰა დაცული ტერიტორია, სადაც დაახლოებით 30 ჰა დაცულია ბუნებრივი მცენარეულობა.

  • ვინ მუშაობდა ბოტანიკური ბაღის შექმნასა და განვითარებაზე?

-                     1902 წლამდე ბოტანიკურ ბაღს დირექტორი არ ჰყოლია. აქ მუშაობდნენ მხოლოდ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტები. ერთ-ერთი მათგანი იყო გერმანელი ბოტანიკოსი და ლანდშაფტის არქიტექტორი ჰაინრიხ კარლ ვერნერ შარერი (მუშაობდა 1861-78 წლებში), რომელმაც 1872-73 წლებში დააპროექტა ე.წ. ფრანგული ორანჟერეა, სადაც წარმოდგენილი იყო წყლის მცენარეების კოლექცია, მათ შორის იყო ვიქტორიას ერთ-ერთი ჯიში Victoria Cruziana. ეს ორანჟერეა XX საუკუნის დასაწყისში დაიხურა, რადგან მისი შენახვა ძალიან ძვირი ჯდებოდა.   

  • ყველასთვის ცნობილია ბოტანიკურის ჩანჩქერი და თამარის ხიდი

-                     ბაღის ტერიტორიაზეა მდინარე წავკისის წყალზე ყველაზე მსხვილი ჩანჩქერი, რომლის სიმაღლე 22 მეტრია, ჩანჩქერის თავზე გადებულია ისტორიული თაღოვანი ხიდი. ის არის რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი პირველი რკინა-ბეტონის ხიდი.

     ბაღში აგრეთვე აღსანიშნავია თამარის ხიდი. თამარის ხიდი არის ხიდების არქიტექტურული ტიპი, რომელიც შენდება ქართული აგურის მშრალი წყობით. ის თარიღდება ადრეული XVIII საუკუნით. არქეოლოგთა ვარაუდით, სწორედ ამ ხიდზე გადიოდა ძველი საქარავნო მარშუტიც.

  • როგორც ვიცი, ბაღის ტერიტორიაზეა აზერბაიჯანელ მოღვაწეთა და მწერალთა პანთეონიც.როგორ მოხდა ამ საფლავების აღმოჩენა?

-                     ამ ადგილზე საუკუნეების მანძილზე თბილისელ მუსლიმთა სასაფლაო იყო და მას გორხანა ეწოდებოდა.  ამ სასაფლაოზე მარხავდნენ ყველა თბილისელ მუსლიმს, ამდენად სასაფლაო საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა, თუმცა საბჭოთა პერიოდში საფლავთა უმეტესობა ტრაქტორებით მოასწორეს და გორხანაზე მხოლოდ რამდენიმე გამოჩენილი პირის საფლავი დატოვეს. მაშინვე გაანადგურეს სასაფლაოზე მდგარი მცირე მეჩეთის შენობაც. მოგვიანებით ხელუხლებლად დატოვებულ რამდენიმე საფლავს პანთეონის სტატუსი მიანიჭეს. დღეისათვის ბოტანიკურ ბაღში მდებარე აზერბაიჯანულ პანთეონში განისვენებენ მირზა ფათალი ახუნდოვი, მირზა შაფი, აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ფათალი ხან ხოისელი და სხვები.

  • ძალიან მნიშვნელოვანია ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოღვაწეობა, გვიამბეთ მის შესახებ

-                     1920 წელს ბოტანიკურ ბაღს მიენიჭა დაწესებულების სტატუსი და დაინიშნა პირველი  დირექტორი, საქართველოში დაბადებული, გერმანელი წარმოშობის ადოლფ ქრისტიან როლოვი, რომელმაც გაშენებულ მერქნიან მცენარეთა ფართობი 2,5 ჰა-დან 70 ჰა-მდე გაზარდა. აქედან გამომდინარე უნიშვენლოვანესი როლოვის მოღვაწეობა. მან ფასდაუდებელი მშრომა გასწია ბოტანიკური ბაღის განვითარებაში.

  • რა მცენარეების ნახვა შეუძლია დღეს დამთვალიერებელს ბოტანიკურ ბაღში? 

-      დღესდღეობით ბოტანიკურ ბაღში არის 4500-ზე მეტი ტაქსონი, აგრეთვე საქართველოს ენდემური, იშვიათი და გადაშენებული სახეობები, მცენარეეები მსოფლიოს მრავალი კუთხიდან, ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან, ჩრდილო ამერიკიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, ჰიმალაის მთებიდან, ციმბირიდან.

     ბოტანიკურ ბაღში არის აგრეთვე 500 სახეობამდე ღია გრუნტის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე, 300 სახეობამდე დახურული გრუნტის ტროპიკული და სუბტროპიკული მცენარე, 900-მდე ადგილობრივი და ინვაზირებული სახეობა, ხავსები, მღიერები და სოკოები, აგრეთვე იასამნების, ვარდებისა და ყვავილოვან-დეკორატიული ბალახების ჯიშები.

  • რა იშვიათი ჯიშებია ბოტანიკურ ბაღში?

-                     თბილისის ბოტანიკურ ბაღში დაცულია კავკასიისა და საქართველოს იშვიათი და გადაშენებადი სახეობები: უთხოვარი, ბიჭვინთის ბიჭვი, მყრალი ღვია, ძელქვა, ქართული ნეკერჩხალი, დიადი ბოყვი, ლაფანი, ქართული კოწახური, რკინის ხე, კოლხური ჯონჯოლი, კავკასიური აკაკი, შიშველი აკაკი და ლეპტოპუსი.

  • ფუნქციონირებს თუ არა თესლის ბანკი?

-                     მცენარეთა კონსერვაციის განყოფილებაში არის თესლის ბანკი, რომლის მასალებიც შესამჩნევად გამდიდრდა გლობალური პროგრამის, „ათასწლეულის თესლის ბანკის“ მეშვეობით. თბილისის ბოტანიკური ბღის პარტნიორია დიდი ბრიტანეთის ქიუს სამეფო ბაღი. თესლის ბანკში  ხდება თესლის ისეთი სახით შენახვა, რომ ასი წლის განმავლობაში შესაძლებელი იყოს თესვა და აღმოცენება. საქართველოში არსებული მწირი სახსრებისა და პირობების გამო მცენარეთა თესლი ინახება მაცივარში და არა მიწისქვეშა სპეციალურ საცავში, სადაც მინუს ტემპერატურაზეა განთავსებული თესლის ბანკი.

  • რას გვეტყვით ნაციონალურ ჰერბარიუმზე?

-                     ბოტანიკის ინსტიტუტი გამოეყო ბოტანიკურ ბაღს, ნაციონალური ჰერბარიუმი კი დარჩა ბოტანიკის ინსტიტუტის შემადგენლობაში. ის არის ყველაზე დიდი და მდიდარი ჰერბარიუმი მთელ კავკასიაში, მასში ინახება მილიონზე მეტი საჰერბარიუმო ნიმუში და კოლექციების ასაკი იწყება ადრეული XVIII საუკუნიდან.

  • რატომ გამოეყო ბოტანიკური ბაღი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს?

-                     ბოტანიკური ბაღი შედიოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში, მაგრამ მთავრობის 2011 წლის 27 ივლისის დადგენილებით ბოტანიკური ბაღი გახდა დამოუკიდებელი არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი. ბაღი იმდენად დიდია და იმდენად ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რომ უნივერსიტეტის ბიუჯეტის დონეზე ამის მოგვარება ნამდვილად ვერ მოხდებოდა.

  • ყველაზე მეტად, რა პრობლემებია ბოტანიკურ ბაღში?

-                     ბოტანიკურ ბაღს აქვს ძალიან დიდი ინფრასტრუქტურული პრობლემები, რაც პირველ რიგში, გამოიხატება რელიეფში. საზღვარგარეთ, ბოტანიკური ბაღები გაშენებულია ვაკეზე, რაც ხელს უწყობს მათ უფრო მარტივ მოვლას. ჩვენს ბოტანიკურ ბაღში რელიეფი არის ციცაბო, ნიადაგი ფაქტიურად არ არის, არის კლდოვანი რელიეფი, წვიმა კი მუდმივად რეცხავს ხელოვნურად შეტანილ ნიადაგს, ბაღს კი მუდმივად ესაჭიროება ნიადაგის შეტანა და სპეციალური მოვლა.

  • როგორია დამთვალიერებელთა და ტურისტთა რაოდენობა ბოტანიკურ ბაღში?

-                     მიუხედავად სეზონის ცვლილებებისა, დამთვალიერებელი მაინც საკმაოდ ბევრია, რაც, ალბათ, გამოწვეულია ძველი თბილისის რეკონსტრუქციით. საკმაოდ მომრავლდა უცხოელ დამთვალიერებელთა რიცხვი, აგრეთვე, მისასალმებელია ქართული სკოლების ინიციატივები, მათ საკმაოდ ხშირად დაჰყავთ სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები, უტარებენ ღია გაკვეთილებს, ზოგჯერ დაჰყავთ მასწავლებლებს, ზოგჯერ გვიკვეთავენ გიდს, ხშირია აგრეთვე მზრუნველობა მოკლებული და სოციალურად დაუცველ ბავშვთა ჯგუფები, რომელთა სტუმრობისას, უფასოა ბილეთი და გიდის მომსახურება. 

  • რამდენად მისაღებია ბაღის ბილეთის ფასი?

-                     ვფიქრობ, დღევანდელ პირობებში ბილეთის ფასი საკმაოდ მისაღებია, საფასური უფროსებისათვის არის 1 ლარი, ხოლო ბავშვებისათვის 50 თეთრი. ეს არის მართლაც სიმბოლური თანხა, მაგრამ ვფიქრობთ, რაც უფრო მეტი ადამიანი შემოვა, ეს უკეთესია როგორც მათთვის, ისე ზოგადად, საზოგადოებისათვის, რადგან ბოტანიკური ბაღიდან შეუძლებელია ადამიანი არ გავიდეს დადებითი ემოციებით დამუხტული.