თოჯინების მუზეუმის ბედი პრაღასა და თბილისში ბეჭდვა

პრაღა: თოჯინების მუზეუმი  ქალაქის ყველაზე ღირსშესანიშნავ ნაწილში

პრაღის სათამაშოების   მუზეუმი ერთერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ქალაქში. მუზეუმი ქალაქის ძველ უბანში, ძველებურ კოშკშია განთავსებული, რომელიც სახლის სხვენს მოგვაგონებს: სავსეს ბევრი ძველი ნივთით და საიდუმლოებებით. აქ ერთმანეთის გვერდიგვერდ შეგიძლიათ ნახოთ   როგორც ანტიკური ხანის, ინდოელების მიერ პურისგან გაკეთებული სათამაშოები, ასევე თანამედროვე თოჯინები . პრაღის სათამაშოების მუზეუმი ერთერთი ყველაზე დიდია მსოფლიოში: იგი 5000–მდე ექსპონატს ითვლის, მათგან ყველაზე ძველი  ექსპონატის ასაკი კი  2000 წელს აღწევს. მუზეუმში განთავსებულ ექსპონატთა შორისაა  სახელგანთქმული თოჯინა ბარბი, რომელსაც გამოჩენილი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსი ამშვენებს.

 

მუზეუმის იდეის სულის ჩამდგმელი რეჟისორი ივან შტაიგრია, რომელმაც  სათამაშოების შეგროვება დაიწყო 1968 წლიდან. თავდაპირველად თოჯინები მის პირად კოლექციაში ინახებოდა, მუზეუმის სახე კი მას მხოლოდ 1989 წელს მიეცა.

ანა გაბრიაძემ, ჩეხეთში ვიზიტისას პრაღის სათამაშოების მუზეუმი მოინახულა. იგი თავის შთაბეჭდილებებს მოგვითხრობს:  “ ჩეხეთის  ერთერთი ყველაზე დიდი ღირშესანიშნაობაა პრაღის ციხე–სიმაგრის კომპლექსი, რომელიც შედგება სხვადასხვა კულტურული ძეგლებისაგან. იქ ყოველთვის უამრავი ტურისტი მოძრაობს. ნებისმიერი ექსკურსიის შემთხვევაში გზას   ერთი პატარა ქუჩისკენ მიყავხარ და სწორედ ამ ქუჩაზეა სათამაშოების მუზეუმი. იქ თავშიც არავის მოსდის, რომ  ეს ადგილი კომერციული მიზნებისთვის გამოიყენოს. მუზეუმში შესასვლელი ბილეთი ღირს ძალიან იაფი, იმავე ქუჩაზე ყურადღებას იქცევს საახალწლო სათამაშოების მაღაზია, რომელიც თითქოსდა  სპეციალურად „ანთია“ მუზეუმის გვერდით მისთვის ყურადღების მისაქცევად.    პრაღის თოჯინების მუზეუმს მუზეუმისთვის  ძალიან მცირე, დაახლოებით 40 წლიანი ისტორია აქვს. თუმცა, იმ ადამიანის ღვაწლი, რომელმაც ეს ყველაფერი წამოიწყო, სათანადოდაა დაფასებული. ეს ყველაფერი  საზოგადოების კულტურაზე მეტყველებს.“

თოჯინების მუზეუმი პრაღაში

{gallery}muzeum{/gallery}

 

საახალწლო სათამაშოების მაღაზია პრაღაში

{gallery}tojinebi1{/gallery}

 

 

თბილისი: შენობის გარეშე დარჩენილი თოჯინების მუზეუმი

 

ანა გაბრიაძე: „ჩემს გონებაში თოჯინები  ყოველთვის ახალ წელთან იყო დაკავშირებული. ჩემი კოლექციის შექმნა სწორედ ნაძვის ხის სათამაშოებით დაიწყო: მინდოდა  ექსკლუზიური ნაძვის ხე მქონოდა. მერე  გაჩნდნენ ეს თოჯინები. ამიტომაც, ჩემთვის  ეს ყველაფერი,   ბავშვობასთან, დღესასწაულთან, ახალ წელთან ასოცირდება  და, უცებ,  პრაღაში ვხედავ, რომ ზუსტად ისეთი  მაღაზიიაა, რომელიც ადრე ჩემს გონებაში არსებობდა. ვიღაცამ ერთად შეაერთა, ერთ სივრცეში გააერთიანა  თოჯინების მუზეუმი და ნაძვის ხის სათამაშოების მაღაზია. ულამაზესი პარკი და ძველებური კოშკები, ბავშვის სიხარული, ზეიმი,  ოჯახი, საიდუმლო, სხვენი, მყუდრო გარემო : ეს ყველაფერი ვიღაცის გონებაში იყო გაერთიანებული,  და შემდეგ  რეალობაში განახორციელა.

 

სამწუხაროდ, ქართულმა საზოგადოებამ, ძალიან ცოტა იცის იმის შესახებ, თუ რა ხდება ამ სფეროში მსოფლიოში. ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ხელოვნების დარგია. სამწუხაროდ, თბილისში ისე მოხდა, რომ თოჯინების მუზეუმი, რომელსაც უზარმაზარი ისტორია აქვს, გაქრა ქართველი მაყურებლებისთვის. წლების წინ ჩვენთან, პიონერთა სასახლეში, უმდიდრესი თოჯინების მუზეუმი ფუნქციონირებდა, სადაც ფრანგული, ფაიფურის,  მექანიკური თოჯინები, ქართული, ეროვნული თოჯინები, ხალხური დედოფალები, ლიტერატურული ნაწარმოებების პერსონაჟები იყო დაცული.  ის გაიძარცვა და ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ექსპონატები სადღაც ყუთებში ეგდო. შემდეგ,   ბარათაშვილის ხიდთან,    ბავშვთა გალერეასთან გადაიტანეს, თუმცა, პირობები  არც იქ  იყო სახარბიელო. შენობა გასარემონტებელი იყო, თუმცა, ადგილი იყო იმდენად კარგი, რომ ამის კომპენსაცია ხდებოდა. გასულ  წელს მოხდა გაუგონარი რამ: არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე,  მუზეუმის ექსპონატები სასწრაფოდ შეფუთეს, ყველას უთხრეს, რომ მუზეუმის მდგომარეობა  გაუმჯობესდება და შენობის დემონტაჟი დაიწყეს. დღეს აქ სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო თოჯინები ახლაც დასაწყობებულია.“