სამაგრი სამუშაოები გაგარინის ქუჩაზე ბეჭდვა

სამაგრი სამუშაოები გაგარინის ქუჩაზე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ტენდერის შედეგების მიხედვით სამაგრი კედლის აშენების ვალდებულება კომპანია „ტრანსკავკასია“-ს დაეკისრა. სამუშაოების დაწყებიდან მოკლე დროში კედლის აშენებამ გაგარინის აღმართზე ადგილობრივი მცხოვრების სახლების დაზიანება გამოიწვია.

ჩერქეზიშვილის #1 ა -ს მცხოვრები მაილ გეიდაროვი ამბობს, რომ მის სახლს განსაკუთრებით მიაყენეს ზიანი და ოჯახი კიდევ უფრო დიდი საშიშროების წინაშე დგას. როგორც მაილ გეიდაროვი ამბობს, მისი აივანი მთლიანად დაანგრიეს, სახლს გამაგრება დასჭირდა. სამაგრი სამუშაოების პროექტი ორგანიზაცია „საქართველოს ტექნიკური ჯგუფი“-ს მიერ არის მომზადებული. ორგანიზაციის დირექტორის გიორგი ნოზაძის თქმით მაილ გეიდაროვის საცხოვრებელი სახლის მიშენება (აივანი) სამუშაოების დაწყებამდეც ავარიული იყო. გიორგი ნოზაძის თქმით, კედლის მშენებლობის დროს ის კიდევ უფრო დაზიანდა, „მიშენება ამ მშენებლობას მიეწირა და დაინგრა“.

ჟვანიას სახელობის (ყოფილი გაგარინის) მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სამაგრი სამუშაოები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა მოსახლეობის მოთხოვნით დაიწყო. მათ წერილი საბურთალოს რაიონის გამგებლის გია ხუროშვილის სახელზე 2013 წლის აპრილში გაგზავნეს. წყალგაყვანილობის და საკანალიზაციო მილების ამორტიზაციის და კოროზიის შედეგად ტერიტორიაზე ფერდობის ყოველდღიური ჩამოშლა ხდებოდა. ტენდერში, რომელიც საყრდენი კედლის აშენების მიზნით ჩატარდა, კომპანია „ტრანსკავკასია“-მ გაიმარჯვა. თუმცა პირველი ტენდერის ფარგლებში მას სამუშაოები არ დაუსრულებია.

როგორც კომპანია „ტრანსკავკასია“-ს დირექტორი ვაჟა მალაღურაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, სამუშაოები შეჩერდა ადგილობრივი მცხოვრების მაილ გეიდაროვის სახლის გამაგრების გამო. თუმცა საბურთალოს გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის კობა გელაძის ინფორმაციით კომპანია უბრალოდ დროში ვერ ჩაეტია და სამუშაოები შეასრულა ნაწილობრივ. უცნაურია, თუმცა „ტრანსკავკასია“ არ იქნა შეტანილი შავ სიაში და მეორედ გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებული გახდა.

„თუ „ტრანსკავკასია“ კვლავ ვერ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს დროულად ჩვენ მივმართავთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ნორმას და საჯარიმო სანქციებს ავამოქმედებთ“, - თქვა კობა გელაძემ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებით, გაგარინის ქუჩაზე 184 მეტრის სიგრძის საყრდენი კედლის აშენებაა დაგეგმილი. სამუშაოები კომპანია „ტრანსკავკასიამ“ ივნისის ბოლომდე უნდა დაასრულოს.