მზის საათი კუს ტბაზე - შემეცნებითი და გასართობი კონსტრუქცია ბეჭდვა

არტ-დიზაინერი კახი ერაძე მზის საათის შეკეთებას ითხოვს მზის საათი - მექანიზმი, რომლის არსებობის შესახებ ბევრმა არაფერი იცის. მისი გამოყენება მარტივია. კითხვაზე „რომელი საათია?“ თქვენი ჩრდილი გიპასუხებთ. საინტერესოა, რომ მზის საათი თბილისში უკვე დიდი ხანია არსებობს. 15 წლის წინ მზის საათი მხატვარ-დიზაინერის კახი ერაძის ინიციატივით კუს ტბის ტერიტორიაზე დამონტაჟდა. კონსტრუქციაზე ძველქართულად თვეების დასახელება და ციფრებია გამოხატული. როდესაც ადამიანი დგება საჭირო ადგილას მზის საათზე - თვის და რიცხვის მიხედვით, მისი ჩრდილი ციფრების შორის ეცემა და გვანახებს რომელი საათია.

კახი ერაძის მზის საათი მხოლოდ ზაფხულის დროზეა გათვლილი, ამიტომ კონსტრუქცია შესაცვლელია. რაგდა ამისა, დროთა განმავლობაში საათი დაზიანდა, მისი გარკვეული ნაწილები მოტეხილია. შესაბამისად, საათის ავტორი კახი ერაძე ადგილობრივი თვითმმართველობისგან მზის საათის შეკეთებას ითხოვს. გარდა მზის საათის შესაკეთებელი ნაწილებისა, ტერიტორიაზე ხრეშია დასაყრელი. საჭირო თანხის მოძიების მიზნით კახი ერაძე შესაბამის განცხადებას გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი ქორქაშვილის სახელზე ამზადებს.

როგორც გიორგი ქორქაშვილმა ჩვენთან საუბარში ბრძანა, თუ ეს ძალიან დიდ თანხასთან არ იქნება დაკავშირებული, მზის საათის შეკეთება პრობლემა არ იქნება. „შემოიტანოს განცხადება და განვიხილავთ, ან გადავამისამართებთ. ყოველ შემთხვევაში, ეს თუ დიდ თანხასთან არ იქნება დაკავშირებული, პრობლემაც არ იქნება“, - თქვა გიორგი ქორქაშვილმა.

კახი ერაძის თქმით, 2000 წელს მან მზის საათის შექმნის პროექტი მერიაში შეიტანა. ნაწილობრივ ეს პროექტი ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველო“-მ დააფინანსა.

როგორც მხატვარ-დიზაინერი ამბობს, მზის საათის არსებობას კუს ტბაზე შემეცნებითი ფუნქცია აქვს. ავტორის აზრით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მზის საათის მუშაობას არანაირი ენერგია არ სჭირდება.

„მზის საათი ეკოლოგიური ფუნქციითაც არის დატვირთული. გარდა ამისა - ეს საკონტაქტო ადგილია, თან შემეცნებითია. ბავშვებს ძალიან მოსწონთ აქ თამაში. საერთოდ, იდეა მქონდა, რომ გარდა ამ საათისა, აქ კუს პატარა ქანდაკება, ყულაბა და სკამებიც დაგვედგა. ვისაც გაუჩნდებოდა სურვილი ხურდას ჩააგდებდა და, შესაბამისად, ამ ადგილის დაკლაგებაც არ იქნებოდა პრობლემა“, - ამბობს კახი ერაძე. საქართველოში მზის საათის არსებობა იშვიათობაა. ასეთი საათები მხოლოდ რამოდენიმე ეკლესიაშია გაკეთებული. მზის საათის შექმნა მხატვარ-დიზაინერს კახი ერაძეს ბეთანიის მონასტერში ნანახმა საათმა გადააწყვეტინა.