თბილისის საქალაქო სასამართლომ საბურთალოს პარკთან დაკავშირებით საქმის წარმოება შეწყვიტა ბეჭდვა

9 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ საბურთალოს პარკთან დაკავშირებით წარმოება შეწყვიტა. სარჩელი არასამთავრობო ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცის“ მიერ იყო მომზადებული. ორგანიზაციის წარმომადგენლები ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიისთვის სარეკრიაციო ზონის მინიჭებას ითხოვდნენ, რადგან ტერიტორია გაყიდულია, იქ არსებულ პარკში კი ხეების გაჩეხვა მიმდინარეობს. საკუთარი გადაწყვეტილება მოსამართლემ იმით დაასაბუთა, რომ ტერიტორია - კერძო საკუთრებაა, ამიტომ ზონალური ცვლილება ვერ მოხერხდება.


 

„ტერიტორიისთვის სარეკრეაციო ზონის მინიჭების მოთხოვნის გარდა, ჩვენ ასევე კერძო მესაკუთრის ინტერესების დაკმაყოფილებას ადგილმონაცვლეობის პრინციპით ვითხოვდით. ეს იმას ნიშნავს, რომ შპს BD Property-სთვის ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიის მაგივრად სხვა ტერიტორია - თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული თავისუფალი ფართი შეეთავაზებინათ. თუმცა მოსამართლემ საქმის წარმოების შეწყვეტა გადაწყვიტა“, - ამბობს ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცის“ იურისტი ნანა რამიშვილი.

ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორია შპს BD Property-მ 2010 წელს იყიდა. სარჩელი საავადმყოფოს ტერიტორიისთვის სარეკრიაციო ზონის მინიჭების მოთხოვნით კი არასამთავრობო ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცემ“ თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წლის იანვარში შეიტანა.

როგორც საქალაქო სასამართლოში განაცხადეს, დასაბუთებული განჩინება ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცეს“ დაახლოებით ორ კვირაში ჩაბარდება.