Safe Space Tbilisi
პარტნიორები
რიყე | ||
რიყე, ძველი თბილისის ერთ-ერთი უბანი, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ავლაბარსა და ჩუღურეთს შორის ( ახლანდელი ძველი თბილისის რაიონი) მდებარეობს. გვიანდელ შუა საუკუნეებში რიყედ იწოდებოდა მტკვრის მარცხენა სანაპირო ზოლი (ადრინდელი ავლაბრის ჭალა), რომლის ნაწილი, მოგვიანებით, სოფელ ჩუღურეთმა დაიკავა. მე-17 საუკუნეში რიყე საასპარეზო ადგილი იყო. აქ გადიოდა რუსეთში მიმავალი ავჭალის დიდი გზა (შემდგომში რიყის, ხეთაგუროვის, საბჭოს ქუჩები). მდინარე მტკვრის ადიდებისას რიყე იტბორებოდა. მე-19 საუკუნეში აქ იყო ბაზარი, ქარვასლა, სახელოსნოები (მკალავები, ხარაზები, ჭონები, მღებავები). 20-ე საუკუნის 70-იან წლებში ქალაქის კეთილმოწყობის მიზნით რიყის ძველი ნაგებობები აიღეს. სახელი რიყე გვიანდელ შუა საუკუნეებში “ავლაბრის ჭალას” მტკვართან სიახლოვის გამო ეწოდა. ბანოვის მიერ შედგენილ 1809 წლის გეგმაზე ამ ადგილას დატანილია კუნძული, რომელიც მტკვრისგან მარცხენა ტოტით იყო გამოყოფილი. დროთა განმავლობაში ტოტში წყალმა იკლო, რამაც 20-30-იან წლებში აქ დასახლებულ გერმანელ მოახალშენეებსა და მოლოკნებს საშუალება მისცა ნაპირები სახელდახელოდ გაემაგრებინათ. მათ დიდი შრომით მოახერხეს მტკვრისთვის მიწის ნაკვეთის წართმევა, რითიც რიყის ტერიტორია გაიზარდა. მე-19 საუკუნის 30-იან წლებში აქ “ზალცმანის სასტუმრო” იდგა, რომელიც ფრიდრიხ ზალცმანს, თბილისელი არქიტექტორის, ალბერტ ზალცმანის მამას ეკუთვნოდა. აქვე იყო ზუბალაშვილების, მელიქიშვილების, ხოსროევისა და მირზოევის ქარვასლები. რიყეზე საკვირაო ბაზრობები ეწყობოდა. რიყე ქალაქის ყველაზე დაბალ ნაწილში, უშუალოდ მტკვრის ნაპირზე მდებარეობს, ამიტომაც წყალდიდობების დროს ხშირად ზარალდებოდა.
|