ძაღლები ბეჭდვა

2012 წელს, როდესაც თბილისის მერიის ინიციატივით ძაღლებისათვის მუნიციპალური თავშესაფარი გაიხსნა, ეს მათთვის ვისაც უპატრონო ძაღლების შიში ჰქონდა სასიხარულო ფაქტი იყო. ყველა ფიქრობდა, რომ ამის შემდეგ სახლშიც მშვიდად დაბრუნდებოდნენ და ცხოველებიც ბევრად უკეთეს პირობებში გააგრძელებდნენ ცხოვრებას, თუმცა ყველაფერი ასე არ მოხდა. მერიის "გარეულ და შინაურ ცხოველეთა თავშესაფარში" ეზოებიდან აყვანილი ძაღლები სულაც არ ცხოვრობენ ისეთ პირობებში როგორც ეს ხალხს წარმოუდგენია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სიტუაცია ბევრად უკეთესია ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ იყო, როდესაც ძაღლების ქუჩიდან აყვანას შპს „დებიუტი“, ანუ საქართველოს პირველი ვეტერინარული კლინიკა ახორციელებდა. მაშინ თბილისში ძაღლებს სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდნენ და ხოცავდნენ.

მაგრამ მაინც... - დახურული ვოლიერები, სადაც ერთად რამდენიმე ძაღლი ჰყავთ მოთავსებული, აუტალნელი სუნი და ანტისანიტარია - ასეთ პირობებში თავშესაფარში დღეისათვის 247 ძაღლი ცხოვრობს.

როგორც თავშესაფრის დირექტორი გელა გოგიჩაშვილი ამბობს თავშესაფარში მოხვედრილ თითოეულ ძაღლს პირველ რიგში ლაბორატორიული შემოწმება უტარდება - „ამის შემდეგ საჭიროების შემთხვევაში პროფესიონალი ექიმები ადგილზევე უტარებენ ძაღლს გადაუდებელ ოპერაციას,სწორედ მათი პროფესიონალიზმის დახმარებით შეინარჩუნა მძიმედ დაშავებულმა რამდენიმე თავშესაფრის ბინადარმა სიცოცხლე. შემოწმების შემდეგ ცხოველებს ვოლიერებში ათავსებენ, თუ ძაღლი პატრონიანი გამოდგა მას უკან ვაბრუნებთ, ხოლო უპატრონო ცხოველებს სტერილიზაცია უტარდებათ, რის შემდეგაც ყურზე ნიშანი ედებათ და გარკვეულ დროის შემდეგ მათ კვლავ ქუჩაში ვაბრუნებთ“ - ამბობს გოგიჩაშვილი და იქვე დასძენს, რომ ძაღლებს ევთანაზია მხოლოდ იმ შემთხვევაში უტარდებათ თუ გადარჩენის არანაირი შანსი არ არის დარჩენილი, ასეთი შემთხვევები კი ერთეულია.

საპირისპიროს ამტკიცებს ერთი ქალბატონი, რომელსაც თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარში მაშინ შევხვდით როდესაც მისი ლაბრადორისთვის ექიმები ლეიკემიის შედეგად გამოწვეული შეტევის შეჩერებას ცდილობდნენ - „როდესაც ძაღლს შეტევა დაეწყო გამოვიძახე მერიის მუნიციპალური თავშესაფრის თანამშრომლები, რომ ძაღლი წაეყვანათ და როგორმე შეეჩერებინათ შეტევა, მათ ძაღლი მთელი დღის განმავლობაში მანქანით ატარეს, კიდევ რამდენიმე ძაღლი აიყვანეს ქუჩიდან და მხოლოდ ამის შემდეგ მივიდნენ თავშესაფარში. როდესაც დირექტორთან დაკავშირება როგორღაც მოვახერხე მითხრა, რომ ძაღლის მდგომარეობა კრიტიკული იყო და მისი გადარჩენა ვეღარ მოხდებოდა, ამიტომ მისთის ევთანაზია უნდა ჩაეტარებინათ, ეს რომ გავიგე მივედი და ძაღლი უკვე ცოცხალ-მკვდარი ელიზბარშვილის თავშესაფარში წამოვიყვანე, სადაც მისი დაწყნარება შეძლეს“ - ამბობს ქალბატონი.

ქალაქში მოქმედი კიდევ ერთი თავშესაფარი 2004 წელს თამაზ ელიზბარაშვილის მიერ დაარსდა. თავშესაფრის ტერიტორიაზე განთავსებულია ვეტერინარული კლინიკა, სარეაბლიტაციო პალატები, სამშობიარო და კარანტინის ბლოკი, სალონი, სასეირნო ტერიტორია, ძაღლის ღია და დახურული ვოლიერები და დათვის ვოლიერები.

ამჟამად თავშესაფარში 300- მდე ძაღლი, 30 ლეკვი და 5 მურა დათვი ბინადრობს. ცხოველები ელზიბარშვილის თავშესაფარში ბევრად თავისუფალ და არასტრესულ გარემოში იმყოფებიან. ძაღლების უმეტესობა თავშესაფრის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდება. უკეთესი მდგომარეობაა ძაღლების სიკვდილიანობასთან დაკავშირებით, აქ ასეთი შემთხვევა თითქმის არ ხდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ძაღლი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვლება.

ძაღლების ჩუქება ორივე თავშესაფრიდან მსურველებს ყოველ დღე შეუძიათ. თუმცა სამწუხაროდ, მოსახლოება თავშესაფრებს იშვიათად სტუმრობს. მათ ურჩევნიათ ოთხფეხა მეგობარში დიდი თანხა გადაიხადონ. მანამდე კი დროებით პატრონიანი, მაგრამ მაინც უპატრონო ძაღლები, თბილისში ასრებულ ორ თავშესაფრებში არათანაბარ პირობებში განაგრძობენ ცხოვრებას.

{youtube}syvb4Mvaho0{/youtube}